მგზავრები აღნიშნავდნენ, რომ მატარებელი საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული ხაშურთან ახლოს, სოფელ გომში. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებდა.
“სხვა ტრანსპორტში გადაჰყავთ მგზავრები”, - “საქართველოს რკინიგზის” ცხელი ხაზის ინფორმაციით, მგზავრებს, სურვილის მიხედვით, ზუგდიდამდე ჩაიყვანენ. როგორც იუწყებიან, ნაწილმა თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად რა გახდა მატარებლის გაჩერების მიზეზი.
30 დეკემბერს პრობლემები შეექმნა თბილისი-ფოთის მატარებელს, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა იტყობინებოდა, რომ მგზავრებმა ფოთისკენ გზა დამხმარე მატარებლით გააგრძელეს.
შეფერხების შესახებ ცნობები ვრცელდებოდა 29 დეკემბერსაც.
[განახლება]
3 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, "საქართველოს რკინიგზამ" განაცხადა, რომ "რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები", შექმნილია "მძიმე მდგომარეობა", რის გამოც - "3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ".
"საქართველოს რკინიგზის" თანახმად, "იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი".
უწყება წერს, რომ ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
ფორუმი