Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადურო ნიუ-იორკის ციხეშია


ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოფისში
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოფისში

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ვენესუელაში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს და ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანეს.

მადურო, რომელსაც ბორკილები ედო და სანდლები ეცვა, ფედერალურმა აგენტებმა გადაიყვანეს ნიუ-იორკში, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შენობაში რეგისტრაციის პროცედურების გასავლელად. ამის შემდეგ ის ბრუკლინში მდებარე მაღალი უსაფრთხოების დაკავების ცენტრში მიიყვანეს.

CNN-ის ცნობით, ისინი ბრუკლინში, წინასწარი დაკავების ცენტრში მოათავსეს. მათ ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში წარუდგნენ.

Fox News-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ 63 წლის მადურო ფედერალური აგენტების თანხლებით და როგორ ეუბნება ჟურნალისტებს: „ღამე მშვიდობისა, გილოცავთ ახალ წელს“.

მადუროს დაკავების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების "უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონიერი" გადაცემა გახდება შესაძლებელი.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვენესუელაზე პასუხისმგებლად თავისი კაბინეტის წევრებს „ნიშნავდა“, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გენერალმა განაცხადა, რომ ოპერაციაში 150 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა და შეტევა რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ განხორციელდა.

ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებას გმობენ ირანი, რუსეთი და ვენესუელის სხვა მოკავშირეები, ხოლო ემიგრაციაში მცხოვრები ვენესუელელები ამ ფაქტს დადებითად აფასებენ.

გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს ამ საკითხზე სხდომა დაგეგმა - ხოლო გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს ამ ნაბიჯს "სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა.

15-წევრიანი საბჭოს სხდომის გამართვა კოლუმბიამ მოითხოვა, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით. დიპლომატების მოთხოვნას ავრცელებს სააგენტო როიტერსი. გაეროს უშიშროების საბჭო ამ დრომდე ორჯერ, ოქტომბერსა და დეკემბერში შეიკრიბა, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გაღრმავების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG