Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი თვლის, რომ ვენესუელის ხალხის კეთილდღეობა ყველაზე მთავარი უნდა იყოს


რომის პაპი ლეონ XIV
რომის პაპი ლეონ XIV

4 იანვარს პაპმა ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაციის შედეგად პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დამხობის შემდეგ ვენესუელელების კეთილდღეობა უნდა იყოს მთავარი, ქვეყნის სუვერენიტეტი - გარანტირებული.

ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე „ანგელოზის ლოცვის“ შემდეგ, პირველმა ამერიკელმა პაპმა შეკრებილ საზოგადოებას უთხრა, რომ „საყვარელი ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იყოს“.

ამით უნდა დაიძლიოს ძალადობა, მას უნდა მოჰყვეს „სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე დადგომა, ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია, კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქის ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების პატივისცემა და თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ჰარმონიის მშვიდობიანი მომავლის აშენება, განსაკუთრებული ყურადღება კი უღარიბეს ადამიანებზე უნდა იყოს, რომლებიც რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო იტანჯებიან“.

პაპის განცხადება კარაკასში ამ ქვეყნის პრეზიდენტის მადუროს დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ გაკეთდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ დაიწყებს „ვენესუელის მართვას და მისი ნავთობის მარაგების გამოყენებას“.

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს დაკავების შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაეკისრება.

აშშ-ს თავდასხმა ვენესუელაზე დაგმეს რუსეთმა და ირანმა, ჩინეთმა დაკავებული პრეზიდენტის განთავისუფლება მოითხოვა.
გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს ამ ნაბიჯს "სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა. 5 იანვარს ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა, რომლის გამართვა რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით კოლუმბიამ მოითხოვა.

ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-მ „წარმატებით მიიტანა ფართომასშტაბიანი იერიში ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“, - წერია დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG