Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია გააღიზიანა ტრამპის თანაშემწის ცოლის პოსტმა - გრენლანდიის რუკამ აშშ-ის დროშის ფერებით


გრენლანდიის დროშა
გრენლანდიის დროშა

დანიამ 4 იანვარს თავისი უკმაყოფილება გამოთქვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველაზე გავლენიანი თანაშემწის ცოლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის რუკა - ფოტო, რომელიც აშშ-ის დროშის ფერებით არის დაფარული.

ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სტივენ მილერის ცოლმა, კეიტი მილერმა X-ზე გამოაქვეყნა დანიის ავტონომიური ტერიტორიის რუკის სადავოდ შეცვლილი გამოსახულება, ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ და პოსტს მხოლოდ ერთი სიტყვა მიაწერა: „მალე“.


დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით მუქარა უნდა შეწყვიტოს: აბსოლუტურად უაზროა აშშ-ს მიერ გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარი; აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ნაწილიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს, თქვა ფრედერიკსენმა.

ეს იყო რეაქცია აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვაზე: დონალდ ტრამპმა ჟურნალ “The Atlantic-ს” განუცხადა: „ჩვენ გრენლანდია აბსოლუტურად გვჭირდება. ის თავდაცვისთვის გვჭირდება“.

დანიის ელჩი აშშ-ში, იესპერ მოლერ სოერენსენი, კვირას გამოეხმაურა მილერის პოსტს საკუთარი პოსტით: „ჩვენ ველით დანიის ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“ და კეიტი მილერის გამოსახულების ბმულზე მიუთითა.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ის ანექსირებული ნაწილი გახდეს.

მისი მთავრობის მიერ ამ მიზნისკენ მიმართულმა ნაბიჯებმა, მათ შორის დანიის ტერიტორიაზე წარგზავნილის დანიშვნამ, როგორც კოპენჰაგენის, ასევე ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია.

სტივენ მილერს მიიჩნევენ ტრამპის პოლიტიკის დიდი ნაწილის არქიტექტორად, რომელიც პრეზიდენტს წარმართავს მისი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკისა და შიდა დღის წესრიგის საკითხებში.

ამერიკის ევროპელი მოკავშირეები შეშფოთდნენ ტრამპის მიერ შაბათს ვენესუელაში სამხედროების გაგზავნით, კარაკასზე თავდასხმისა და ვენესუელის პრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანით, რომელიც ამჟამად აშშ-ის ხელისუფლებას ნიუ-იორკში ჰყავს დაკავებული.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ახლა ვენესუელას განუსაზღვრელი ვადით „მართავს“ და მის უზარმაზარ ნავთობის მარაგებს გამოიყენებს.

გრენლანდიის შემთხვევაში, ტრამპმა განაცხადა, რომ დანიის ტერიტორიის შეერთებული შტატების ნაწილად ქცევა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურებოდა, არქტიკაში მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით. გრენლანდია ასევე მდიდარია მნიშვნელოვანი მინერალებით, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროში გამოიყენება.

დანიის ელჩმა კეიტი მილერის პოსტის საპასუხოდ „მეგობრულად შეახსენა” აშშ-ს, რომ მისმა ქვეყანამ - ნატოს წევრმა - „მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ძალისხმევა არქტიკაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ და რომ ამ მხრივ აშშ-თან ერთად იმუშავა.

„ჩვენ ახლო მოკავშირეები ვართ და შესაბამისად, ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა”, - წერს სოერენსენი.

კეიტი მილერი ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში პრესმდივნის მოადგილე იყო.
მოგვიანებით იგი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის კომუნიკაციების დირექტორად მუშაობდა და ასევე მისი პრესმდივნის ფუნქციასაც ასრულებდა.

აშშ-ს გრენლანდიაზე, დანიის მთავრობასთან ძველი შეთანხმებით, პიტუფიკის კოსმოსური ბაზა აქვს. ბაზის ტერიტორია გრენლანდიის ოფიციალური ნაწილი არაა. 2009 წლის იანვარში საჰაერო ბაზაზე პიტუფიკის მუდმივი მოსახლეობა 166 ადამიანს შეადგენდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG