Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის "აღიარების" გაუქმებაზე


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდისეი ბიგვავამ, კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვენესუელის მოვლენებთან დაკავშირებით და ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების მოლოდინზე.

„აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ მიიჩნევს“, - აცხადებს ბიგვავა.

„ძირითადი ყურადღება ეთმობა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებას. რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთში სტაბილურობისა და განვითარების განმტკიცებას, მისი ხალხის ნების ჩანაცვლების გარეშე", - განაცხადა ბიგვავამ.

მანვე აღნიშნა, რომ „არაღიარების პოლიტიკის“ შესახებ განცხადებებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ხელს არ უწყობს რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას.

"ამავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ მზაობას, ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვუპასუხოთ ნებისმიერ სიგნალს, რომელიც მიუთითებს რეგიონული პოლიტიკისადმი უფრო პრაგმატული და რეალისტური მიდგომის სურვილზე. აფხაზეთის რესპუბლიკა ადასტურებს თავის ერთგულებას მშვიდობიანი თანაარსებობის, კეთილმეზობლობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპების მიმართ. ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის, საქართველოსთან, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების პრინციპების დაცვით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა, პოსტში ნათქვამი იყო, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს, რაც ვენესუელაში ხდება, იმ იმედით, რომ „შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, - ნათქვამია საგარეო უწყების გამოხმაურებაში.

ვენესუელა, რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსთან და სირიასთან ერთად, აღიარებს "აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას". 2009 წელს უგო ჩავესის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაშია. არც სირიას შეუცვლია გადაწყვეტილება ხელისუფლების შეცვლისა და თბილისის მოწოდებების მიუხედავად.

  • 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.
  • მადურო და ფლორესი, რომლებსაც აშშ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ნიუ-იორკის იზოლატორში გადაიყვანეს.
  • ვენესუელის მთავრობამ აშშ-ს ბრალი დასდო სამხედრო აგრესიაში, რომლის მიზანია ძალის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა.
  • 3 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.


ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია დაგმეს რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა და კუბამ.

ესპანეთის, ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის და ურუგვაის მთავრობებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მიუღებელი უწოდეს ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას, ის შეაფასეს მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის სახიფათო პრეცედენტად და ქმედებად, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ექვსმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა ვენესუელაზე გარე კონტროლის გამოც, რაც, მათი განცხადებით, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, უნგრეთის გარდა, ერთობლივ განცხადებაში მიუთითეს, რომ ვენესუელის ხალხის ნების პატივისცემა კრიზისის მოგვარებისა და დემოკრატიის აღდგენის ერთადერთი გზაა.

  • სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტი პირველად 2013 წლის აპრილში გახდა.
  • ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
  • მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობენ აშშ და დასავლეთის არაერთი სხვა სახელმწიფო.


აშშ-ის მიერ ვენესუელაში 2026 წლის 3 იანვარს ჩატარებულ ოპერაციას და ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავებას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ქმედებები.

2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროს მახლობლად განათავსა სამხედრო გემების უმსხვილესი დაჯგუფება ავიამზიდ Gerald R. Ford-ის მეთაურობით.

მადუროს ხელისუფლებამ, რომელსაც აშშ ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის გარდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეპრესიებში ადანაშაულებს, განაცხადა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა ან ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.

2025 წლის შემოდგომაზე და დეკემბერში ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. დასავლეთის მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ამზადებს სახმელეთო ოპერაციასაც მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ.

10 დეკემბერს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ გამოაცხადა, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს ტანკერი, რომელიც სანქცირებულია ვენესუელიდან და ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობისთვის. ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტანკერის დაკავებას „საერთაშორისო მეკობრეობის აქტი“ უწოდა.

ვენესუელის ნავთობს შეერთებულმა შტატებმა სანქციები 2019 წელს დაუწესა.

17 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.

ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევაში.

დეკემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე დაარტყეს საპორტო მისადგომის რაიონს, სადაც გემებზე ნარკოტიკებს ტვირთავდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვაშინგტონმა ვენესუელაში, ხმელეთზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ განაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG