Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი გრემი: პრეზიდენტ ტრამპისგან „მწვანე შუქი“ აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას


ფოტო არქივიდან. სენატორი ლინდსი გრემი კიევში 2024 წლის 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე
ფოტო არქივიდან. სენატორი ლინდსი გრემი კიევში 2024 წლის 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას ეხება. ტრამპის მხრიდან „მწვანე შუქის“ შესახებ მასთან 7 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.

ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი სხვებთან ერთად კანონპროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. კანონპროექტი ითვალისწინებს ზომების მიღებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანს და ზოგიერთ სხვა პროდუქტს.

სენატორ გრემის თანახმად, მხარდაჭერა დროული იქნება მაშინ, როცა უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკობს და უდანაშაულოთა მკვლელობას განაგრძობს.

გრემის განცხადებით, კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს მისცემს დასჯის შესაძლებლობას იმ ქვეყნების, რომლებიც განაგრძობენ პუტინის სამხედრო მანქანის მკვებავი იაფი რუსული ნავთობის შეძენას. რესპუბლიკელი სენატორის თანახმად, პრეზიდენტს ექნება ზემოქმედების დიდი ბერკეტები ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რათა მათ იაფი რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტისკენ უბიძგოს.

გრემს იმედი აქვს, რომ კანონპროექტს კენჭს მომავალ კვირაში უყრიან.

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერების ინიციატორი ამერიკელი კანონმდებლები არაერთი თვეა ცდილობენ კონგრესში კენჭისყრის ჩატარებას.

2025 წელს მათ ვერ მიაღწიეს სენატის და წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელების თანხმობას.

კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის 500%-ით დაბეგვრას, თუ ისინი არ შეწყვეტენ რუსული ნავთობისა და ზოგიერთი სხვა პროდუქტის შეძენას.

2025 წელს კონგრესში კენჭისყრა არაერთხელ გადაიდო. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებით ცდილობს რუსეთის დათანხმებას უკრაინაში ომის შეწყვეტაზე და ამასთან, მაგალითად, ინდოეთზე ზეწოლა უკვე განახორციელა საბაჟო ტარიფების გაზრდით.




ფორუმი

XS
SM
MD
LG