Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ მათ, ვინც 6 თვე საზღვარგარეთ იმყოფება


საყოველთაო ჯანდაცვა 2013 წლიდან ფუნქციონირებს.
საყოველთაო ჯანდაცვა 2013 წლიდან ფუნქციონირებს.

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 6 თვეს უცხოეთში გაატარებენ, სახელმწიფო დაზღვევა [ამბულატორულ ნაწილში] შეუჩერდებათ. ბრძანება, რომელიც არსებულ წესს ცვლის, „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 31 დეკემბერს გამოსცა.

დოკუმენტი 1 იანვრიდან ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილება შეეხება მათ, ვინც მომდევნო 6 თვის განმავლობაში არ ჩამოვა საქართველოში.

„2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად“, - წერია №36/ნ ბრძანებაში.

იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქე „დაკარგავს“ საყოველთაო დაზღვევას, სერვისების მისაღებად ის ახლიდან უნდა ჩაერთოს სისტემაში - ამისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტი და განცხადების დაწერა.

განახლება: 9 იანვარს, 13:41 საათზე ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისთანავე ექნებათ ყველა სერვისზე წვდომა, ცვლილება კი შეეხება ამბულატორული დაწესებულების დაფინანსებას - „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება“.

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2013 წლიდან მოქმედებს - მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ნაცვლად „ქართულმა ოცნება“ მოვიდა. ეტაპობრივად დაფინანსების წესებიც შეიცვალა. ამბულატორიული სერვისების ნაწილს სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ასევე ფინანსდება გეგმური და არაგეგმური ოპერაციები ნაწილობრივ ან მეტწილად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG