კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 9 იანვარს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ექიმი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის სხვა წევრებთან ერთად დარნიცკის რაიონში რუსული დრონით დაზიანებული სახლის დაშავებული მობინადრეებისთვის დახმარების გასაწევად იმყოფებოდა, რა დროსაც ხელახალი დარტყმა განხორციელდა.
კლიჩკოს ცნობითვე, ადგილობრივი დროით 04:40 საათის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ რუსეთის კომბინირებული შეტევის შედეგად კიევში დაშავებულია 19 ადამიანი, მათ შორის 4 მედიკოსი.
კიევის მერის თანახმად, დარნიცკის, დესნიანსკის და დნეპრის რაიონებში დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი და სანატორიუმი, გაჩნდა ხანძრები. პეჩერსკის რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა 9-სართულიანი სახლის ფასადი და დაზიანდა მრავალსართულიანი არასაცხოვრებელი შენობა.
კიევში შეფერხებულია ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ლვოვზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმა იყო კრიტიკული დანიშნულების ობიექტზე. კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებიათ.
უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა იური იჰნატმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ გასულ ღამით განუცხადა, რომ ლვოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა სავარაუდოდ, განხორციელდა რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პოლიგონიდან „კაპუსტინ იარ“.
არსებული ცნობებით, ამ პოლიგონზე განთავსებულია სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“.
9 იანვარს გამთენიისას უკრაინის საჰაერო ძალების დასავლეთის სარდლობის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქ ლვოვს შეუტიეს ბალისტიკური რაკეტით, რომელიც საათში 13 ათასი კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა, რაკეტის კონკრეტულ ტიპს კი ყველა ელემენტის შესწავლის შემდეგ დაადგენენ.
ფორუმი