<...> შეუძლებელია ნობელის პრემიის უკან გაწვევა, გაყოფა ან სხვისთვის გადაცემა. გამოცხადების შემდეგ, გადაწყვეტილება სამუდამოდ ძალაში რჩება“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2025 წელს ნობელის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა. თუმცა მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა პრემიის მიღების სურვილი.
მედიის ცნობით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ტრამპმა მაჩადოს მხარი არ დაუჭირა, რადგან მან უარი თქვა მისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემაზე. თავად ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: „მას [მაჩადო] არ უნდა მოეგო. მაგრამ არა, ამან არანაირად არ იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე“.
6 იანვარს მაჩადომ განაცხადა, რომ მადუროს დაკავების შემდეგ მზად არის ნობელის მშვიდობის პრემია აშშ-ის პრეზიდენტს გადასცეს. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 3 იანვრის მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა რეგიონის ისტორიის მსვლელობა და გზა გაუხსნა ქვეყნის განთავისუფლებას.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს იმაზე, თუ რა შეიძლება თქვან ან გააკეთონ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებმა პრემიის მინიჭების შემდეგ.
“კომიტეტის მანდატი შემოიფარგლება ნომინირებული კანდიდატების შრომისა და ძალისხმევის შეფასებით”, - ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- 2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
- 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
- ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
ფორუმი