Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მეტ სიმკაცრეს იჩენს საპროტესტო აქციების ჩახშობისას


რადიო „ფარდა“ და CNN, თვითმხილველებზე დაყრდნობით, იუწყებიან დაჭრილებითა და დაღუპულებით გადატვირთული საავადმყოფოების შესახებ.
რადიო „ფარდა“ და CNN, თვითმხილველებზე დაყრდნობით, იუწყებიან დაჭრილებითა და დაღუპულებით გადატვირთული საავადმყოფოების შესახებ.

ირანის პოლიციის მთავარსარდალმა, აჰმად რადანმა განაცხადა, რომ გამკაცრდა მომიტინგეების წინააღმდეგ ზომები უსაფრთხოების ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის გზით.

ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლებს ირანული სამსახური, რადიო „ფარდა“.

რადანის სიტყვებით, „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, დაღუპულთა მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაიცვალა ცივი იარაღითა და დანით მიყენებული ჭრილობებით“, ეს კი, მისი თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ მკვლელობები ჩაიდინეს არა უსაფრთხოების ძალებმა, არამედ „გაწვრთნილმა და მართულმა ელემენტებმა“.

ასეთი განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსლებში გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელშიც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ ესვრიან ირანის უსაფრთხოების ძალები მომიტინგეებს.

რადიო „ფარდა“ და CNN, თვითმხილველებზე დაყრდნობით, იუწყებიან დაჭრილებითა და დაღუპულებით გადატვირთული საავადმყოფოების შესახებ. თვითმხილველმა აღმოსავლეთ თეირანიდან განაცხადა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფების განლაგების შემდეგ ქალაქი ფაქტობრივად სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა, ქუჩები მომიტინგეებისთვის სახიფათო გახდა, ღამით კი მუდმივი სროლის ხმა ისმოდა.

სამთავრობო უწყებებს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებიათ ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა ან დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HRANA იუწყება, რომ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა, მათივე ცნობით, ახლო მანძილიდან ნასროლი ტყვიებით მოკლეს. ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა კი, თეირანში მომუშავე ექიმზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

11 იანვარს BBC-მ თეირანის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომლის სიტყვები მოიტანა: „დაჭრილებისა და დაღუპულების რიცხვი ძალიან მაღალია. მე ვნახე ერთი კაცი, რომელსაც თვალში ესროლეს, ტყვია თავის უკანა მხრიდან გამოუვიდა. დაახლოებით შუაღამისას ცენტრის კარი დაკეტილი იყო. ადამიანთა ჯგუფმა კარი შეამტვრია, დაჭრილი კაცი შიგნით შეაგდო და იქაურობა დატოვა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“.

ვებსაიტ Netblocks-ის ცნობით, ირანში 60 საათზე მეტია გათიშულია ინტერნეტი, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით კავშირის დონე ნორმის დაახლოებით 1%-ია. ამის მიუხედავად, თეირანსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალა მაინც ვრცელდება თანამგზავრისა და ალტერნატიული არხების საშუალებით.

გაეროს დამოუკიდებელმა მისიამ თეირანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღადგინოს ინტერნეტი და შეწყვიტოს მომიტინგეების დარბევა. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციები, რომლებიც 28 დეკემბერს ეროვნული ვალუტის კრახის შემდეგ დაიწყო, სულ მცირე 46 ქალაქში გავრცელდა.

10 იანვარს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მზადაა დაეხმაროს“ ირანს თავისუფლებისკენ სწრაფვაში. New York Times, სამხედრო წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტს წარუდგინეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიუღებელი არ არის. მანამდე, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანელ მომიტინგეებს. რესპუბლიკელმა სენატორმა სოციალურ ქსელ X-ში, დაწერა, რომ „დახმარება გზაშია“.

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა, აშშ-ის ხელმძღვანელობის განცხადებების პასუხად განაცხადა, რომ აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს თეირანის მხრიდან საპასუხო დარტყმებს ისრაელისა და აშშ-ის რეგიონული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, რომლებიც „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ ჩაითვლებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG