Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის განცხადებით, ირანის ხელმძღვანელობას მოლაპარაკება სურს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრება Air Force One-ის ბორტზე. 11 იანვარი, 2026 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრება Air Force One-ის ბორტზე. 11 იანვარი, 2026 წელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელმძღვანელობამ ვაშინგტონს მოლაპარაკება შესთავაზა, თეირანის მიერ მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ სამხედრო მოქმედებების შესახებ მისი მუქარის ფონზე.

"ირანის ლიდერებმა დარეკეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე 11 იანვარს. მან დაამატა, რომ „იგეგმება შეხვედრა ... მათ მოლაპარაკება სურთ“.

თუმცა „შესაძლოა შეხვედრამდე მოქმედება მოგვიწიოს“, - თქვა ტრამპმა ისე, რომ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

თეირანს ტრამპის განცხადებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ჯერჯერობით ასევე უცნობია, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების თემა. ორ ქვეყანას წარსულში არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდა თეირანის სადავო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლურმა ქვეყნებმა დაგმეს ირანის მთავრობის მიერ მომიტინგეების დარბევა და მანამდე სანქციები დაუწესეს თეირანს იმის გამო, რასაც ისინი ბირთვული იარაღის შემუშავების მცდელობად მიიჩნევენ და რასაც, თავის მხრივ, ირანი უარყოფს.

11 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის სამხედროები სწავლობენ ირანში მომიტინგეების მხარდაჭერის ვარიანტებს.

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გააცნეს რეაგირების ვარიანტები დემონსტრანტთა საწინააღმდეგო ძალადობაზე ირანში - იმ ფონზე, როცა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მე-16 დღეა გრძელდება, იზრდება მთავრობის მხრიდან ზეწოლის სისასტიკე და მსხვერპლის რაოდენობა.

ცნობების თანახმად, ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რომელიმე ზომის ფორმისა თუ მასშტაბის შესახებ. The Wall Street Journal-ის თანახმად, შესაძლო ნაბიჯებს პრეზიდენტს 13 იანვარს კონკრეტულად გააცნობენ.

ამ ნაბიჯებმა შესაძლოა მოიცვას სამხედრო დარტყმები, ირანის არმიის წინააღმდეგ ფარული კიბერიარაღის გამოყენება და ირანის ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესება, - წერს გამოცემა.

Human Rights Activists News Agency-მ (HRANA, ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო) - შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ირანელი აქტივისტების ორგანიზაციამ - 11 იანვარს განაცხადა, რომ ბოლო 15 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დროს 544 ადამიანი დაიღუპა.

HRANA-ს ცნობით, სულ მცირე, 10 061 ადამიანი დააკავეს და დემონსტრაციები 31-ვე პროვინციის 186 ქალაქში, 585 ადგილას დაფიქსირდა.

ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, ქვეყანაში ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვის გამო ინფორმაციის მოპოვება ძალიან ჭირს, შეზღუდულია სატელეფონო მომსახურებაც.

უფლებამოსილი ჯგუფები ამბობენ, რომ ირანის ციფრული კავშირგაბმულობის გათიშვა უსაფრთხოების ზომების დროს სახელმწიფო ძალადობის შენიღბვის მცდელობის ნაწილია.

ტრამპმა 11 იანვარს განაცხადა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს. მასკის SpaceX უზრუნველყოფს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტსერვისს, რომელიც ადრეც გამოიყენებოდა კონფლიქტის ზონებში, მათ შორის უკრაინაში.






ფორუმი

XS
SM
MD
LG