შეხვედრა დღეს, 12 იანვარს აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში გაიმართა.
„შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს. საუბარი, ასევე შეეხო ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და შუა დერეფნის მნიშვნელობას“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ის შეხვდა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორ აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის.
მაკა ბოჭორიშვილის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტამდე რამდენიმე თვით ადრე, გასული წლის 2025 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი. მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ამ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი შეხვდნენ.
ევროინტეგრაციის პროცესის შეყოვნების ფონზე, საქართველომ თანამშრომლობა გააძლიერა რიგ ქვეყანასთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. „ქართული ოცნების“ მთავრობის პემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორჯერ ეწვია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ერთ-ერთი ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა უდიდეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ექვსი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
მედია წერდა, თბილისსა და აბუ-დაბის შორის არაფორმალური შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა დაუშვა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება, ხოლო საქართველომ მხარი დაუჭირა არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან შეიხა ნასერ ალ ნოვაისის კანდიდატურას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის თანამდებობაზე, მოქმედი ხელმძღვანელის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ნაცვლად.
ფორუმი