გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა იგი დარბაზიდან გააძევა.
გაძევებამდე ელისაშვილმა თქვა, რომ ორი განცხადება ჰქონდა გასაკეთებელი: მან მადლობა გადაუხადა აქციების და მარშების მონაწილეებს, შემდეგ კი ოპოზიციას სთხოვა, „აღდგომამდე დადონ ზავი და ერთმანეთი არ ლანძღონ“.
ბოლოს მან მოსამართლე გარშაულაშვილს, - რომელიც ელისაშვილს ხშირად აწყვეტინებდა სიტყვას, - სთხოვა, „სახე შეინარჩუნოს“. სწორედ ამის შემდეგ იგი დარბაზიდან გააძევეს.
მზია გარშაულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე 12 წლის განმავლობაში ამავე სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
„პირადად მდინარაძის დავალებით“ - ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე ასევე განაცხადა, რომ მკაცრი რეჟიმის ციხეში, - სადაც დამატებითი შეზღუდვები აქვს დაწესებული, - პირადად მისი „გულითადი მეგობრის მამუკა მდინარაძის პირადი დავალებით არის“.
ელისაშვილმა 2024 წლის 15 აპრილს, „აგენტების კანონის“ განხილვებისას სახეში მუშტი ჩაარტყა მამუკა მდინარაძეს, მაშინდელ დეპუტატს, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.
მოსამართლემ მოუწოდა, „იყოს კორექტული“, თუმცა ელისაშვილისთვის არ უპასუხია კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ჩათვალა არაკორექტულად.
დღევანდელ სხდომაზე ელისაშვილის ადვოკატმა მოითხოვა მოსამართლის აცილება, თუმცა უშედეგოდ.
ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი ამბობდა, რომ ელისაშვილის ქმედება, რომელიც 2025 წლის 29 ნოემბერს, შაბათ დილას, გამთენიისას, სასამართლოს დამხმარე შენობაში განხორციელდა, არ ისახავდა მიზნად საზოგადოების დაშინებას და საზოგადოებისთვის მასობრივი ზიანი არ მიუყენებია.
ადვოკატმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია „ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პოლიტიკური აქტივიზმი და ტერორიზმი“.
მოსამართლემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ეს სხდომა დაემსგავსა „არსებითი განხილვის ეტაპს“ და მოუწოდა, დეტალურად ნუ განიხილავდნენ ბრალდებას.
ელისაშვილის ადვოკატები ასევე ითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პოლიტიკოსის გათავისუფლებას, თუნდაც გირაოს ან დამატებითი შეზღუდვის დაწესების პირობით, თუმცა კვლავ უშედეგოდ.
„რეალურად, შუშის ჩატეხვის საქმის წარმოჩენას პროკურორი ცდილობს ტერორიზმად“, - უთხრა ელისაშვილის მეორე ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლეს და დასძინა, რომ ეს საქმე საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, რადგან „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს“.
ჩოფიკაშვილის თქმითვე, შუშის ჩატეხით სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზიანმა მხოლოდ 110 ლარი შეადგინა.
„წამების მსხვერპლი“
ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას იგი წამების მსხვერპლი გახდა და მაშინ მიღებული დაზიანებების ნაკვალები ამ დრომდე აქვს სხეულზე.
„ეს ფორმალური რაღაცების ჩაბულბულებები კარგი იცით“, - უთხრა ელისაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მას ჰკითხა, ხომ არ დაირღვა მისი უფლებები:
„ოთხი საათის განმავლობაში უკან მქონდა ხელები შეკრული, სისხლი მდიოდა და პოლიციელს უხაროდა. ორი თვე ვერ გაიგეს, ვინ იყო ის „შოთა“? არ გისურვებთ, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს განეცადოს ის, რასაც განიცდის ოთხი საათი ხელბორკილებით უკან შეკრული ადამიანი. „შრამები“ მაქვს, შემიძლია გაჩვენოთ. სასწრაფო ჰყავდათ გამოძახებული. შემიძლია მოწმედ მოვიყვანო ის ექიმი“, - თქვა ბრალდებულმა.
მოსამართლე კვლავ ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობა, პროკურორიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არ იცის რა ეტაპზეა ელისაშვილის მიმართ ძალის გადამატების საქმის გამოძიება.
ელისაშვილი იხსენებს მის ცემას საპროტესტო აქციაზე ორი წლის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან და ამბობს, რომ მაშინ მან თვითონ მოახდინა ერთ-ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება, რომელიც სცემდა და ამ დრომდე მის მიმართაც კი არაფერი დაუდგენია გამოძიებას.
იმ დროს ნაცემი აქტივისტებიდან და პოლიტიკოსებიდან, არა მხოლოდ ელისაშვილის, სხვა საქმეების გამოძიებაც ამ დრომდე შედეგის გარეშეა დარჩენილი.
პოლიტიკოსს, „ძლიერი საქართველოს“ წევრ ალეკო ელისაშვილს 29 ნოემბერს მომხდარის გამო „ტერორიზმს“, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. ელისაშვილი „ქმედებას“ აღიარებს, თუმცა ბრალს - „ტერორიზმს“ - არა.
- ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგ უკვე იყო ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მას პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გრძელდება.
- 2025 წლის აგვისტოში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალეკო ელისაშვილზე - 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. „ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს რუსებმა ჩემ მიერ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, ამ გმირი, თავდადებული, თავგანწირული ხალხის მხარდაჭერის გამო და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი“, - განაცხადა მაშინ ელისაშვილმა.
- 2024 წლის 15 აპრილს ელისაშვილმა - მაშინ პარლამენტის დეპუტატმა - საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს (ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს), რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. მდინარაძემ რამდენიმე წუთში სხდომის წაყვანა განაგრძო. ელისაშვილი იმ დროისთვის სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობდა და მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
ფორუმი