Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა თავის მოქალაქეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი


საპროტესტო აქცია თეირანში. 8 იანვარი 2026 წელი
საპროტესტო აქცია თეირანში. 8 იანვარი 2026 წელი

აშშ-მა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. შეტყობინება 13 იანვარს გამოჩნდა თეირანში აშშ-ის ვირტუალური საელჩოს ვებსაიტზე.

"დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი. შეიმუშავეთ ირანის დატოვების გეგმა, აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშე. თუ ვერ ახერხებთ წასვლას, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელ სახლში ან სხვა შენობაში. მოიმარაგეთ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ინტერნეტის განგრძობადი წყვეტა, რის გამოც ურჩევენ უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებების მოძიება დაგეგმონ, ასევე განიხილონ ირანის დატოვების შესაძლებლობა სომხეთის ან თურქეთის გავლით.

აშშ-ს ირანთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობა არ აქვს. ირანაში აშშ-ის ინტერესებს წარმოადგენს შვეიცარიის მთავრობა თეირანში მათ საელჩოს მეშვეობით.

მედიის თანახმად, მსგავსი განცხადება აშშ-ის ვირტუალური საელჩოს ვებსაიტზე 2025 წლის15 ივნისსაც გამოჩნდა, 22 ივნისის ღამით კი, ვაშინგტონმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

მანამდე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ ირანში და იქ მყოფებს კი, დატოვონ ქვეყანა. საფრანგეთმა, ირანში საელჩოს თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

„საელჩოს სტრუქტურა გადაკეთდა, რათა მას ადგილობრივ კონტექსტში თავისი მოვალეობების შესრულება შეეძლოს. ჩვენი პერსონალისა და მოქალაქეების დაცვა პრიორიტეტულია“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უწყების თანახმად საელჩო განაგრძობს მუშაობას.

„ჩვენი საელჩო ღიაა და ფუნქციონირებს. ელჩი იქ არის თავის გუნდთან ერთად. უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც სჭირდებათ ირანი მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადეს საფრანგეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თეირანში, საფრანგეთის საელჩოში დაახლოებით 30 ადამიანი მუშაობს.

ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის 28 დეკემბერს, ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაიწყო. 8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა და პროტესტების ჩახშობას განაგრძობს, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების ორგანიზაციის (HRANA) ცნობით, 12 იანვრის მონაცემებით, პროტესტების დაწყებიდან 646 ადამიანი დაიღუპა. ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის სააგენტო 648 გარდაცვალების შესახებ იუწყება.

დაპატიმრებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ლიდერებს „სურთ მოლაპარაკება“, თუმცა აშშ-ს „შესაძლოა, მათთან შეხვედრამდე მოქმედება მოუწიოს“.

CNN-მა, აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ განიხილება ირანის რეჟიმთან ბრძოლის როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო საშუალებები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG