Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წილები ინვესტიციების პროპორციულად განაწილდა - მირზოიანი აშშ-ის 76%-იან წილზე TRIPP-ის განვითარების კომპანიაში


მარკო რუბიო და არარატ მირზოიანი ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, 13 იანვარი
მარკო რუბიო და არარატ მირზოიანი ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, 13 იანვარი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოაინი აცხადებს, რომ „TRIPP-ის განვითარების კომპანიის“ მფლობელთა წილები - აშშ-ის 74% და სომხეთის 26% - მხარეთა ინვესტიციების წილების პროპორციულად გადანაწილდა.

13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“.

დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია, შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“, მოკლედ - TDC, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს.

კომპანიას ჯერ 49 წლით, კიდევ 50 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით ექნება პროექტის განვითარების ექსკლუზიური უფლება.

მოგვიანებით ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე არარატ მირზოიანმა თქვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სომხეთი კი ძირითადად მშენებლობის უფლებას იძლევა“.

მას ჯერჯერობით ინვესტიციების ზუსტი მოცულობა არ დაუსახელებია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საკონტროლო პაკეტი ამერიკულ მხარეს ექნება, პრინციპულ საკითხებზე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული სომხეთის თანხმობის გარეშე, - წილის ზომის მიუხედავად.

კითხვაზე, განიხილება თუ არა რუსეთის მონაწილეობა პროექტში, მირზოიანმა თქვა, რომ ამაზე საუბრები არ მიმდინარეობს. ამასთან, მან თქვა, რომ კომუნიკაციების „დიდი განბლოკვა“, - „რაც რეგიონის ყველა ქვეყნისთვის სასიკეთოა, - თამაშგარე ვერ დატოვებს და არ დატოვებს რომელიმე მეზობელს, მათ შორის რუსეთს“.

მირზოიანის თქმითვე, ეს პროცესი უფრო ფართო რეგიონულ ჩარჩოში უნდა იქნას განხილული. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს „საკმაოდ კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები თურქეთთან. „ვფიქრობ, უახლოეს მომავალში პროგრესის ხელშესახები ნაბიჯები გვექნება“, - თქვა მან.

  • ახლად გამოქვეყნებული 6-გვერდიანი დოკუმენტი გაგრძელებაა 2025 წლის 8 აგვისტოს დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის დადებული ხელშეკრულებისა, რომლის თანახმადაც სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო, ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიიწევენ.
  • დოკუმენტის შესავალში წერია, რომ პროექტი „დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს „ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე“ - გზაზე, რასაც სხვაგვარად „შუა დერეფანს“ უწოდებენ.
  • დოკუმენტით ირკვევა ახალი დეტალები, თუ რა ვალდებულებებს (თუმცა არა სამართლებრივს) იღებს ერევანი, რათა პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), განხორციელდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG