Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო განმარტავს, ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

„საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების“ მაღალი რისკის გამო ამერიკის შეერთებული შტატები 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.

საქართველოში აშშ-ის საელჩო ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და განმარტავს, ვის შეეხება ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 14 იანვრის განახლებას ეფუძნება.

„ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზების შესახებ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

აქვე მოყვანილია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმიგრანტების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ისინი უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის:

„პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი“.

რომელი 75 ქვეყნისთვის ჩერდება დროებით ყველა საიმიგრაციო ვიზების გაცემა 2026 წლის 21 იანვრიდან?

ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთი მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთი სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

რა ხდება მათ შემთხვევაში, ვისაც უკვე დანიშნული აქვს გასაუბრება?

„დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა“.

არსებობს თუ არა გამონაკლისები?

გამონაკლისი გავრცელდება მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა არ ვრცელდება მოქალაქეობის მიმნიჭებელ რომელიმე ერთ ქვეყანაზე მაინც.

ვისაც აქვს საიმიგრაციო ვიზა, მასაც შეეხება შეზღუდვები?

არა. საიმიგრაციო ვიზები არ უქმდება.

ტურისტულ ვიზებს ეხება ეს ცვლილება?

არა. ტურისტებისთვის საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა. ეს ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე.

გუშინ, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ აშშ 75 ქვეყნისთვის აწესებდა საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე შეზღუდვას. ამერიკულმა „ფოქს ნიუსმა“ კი გამოაქვეყნა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელშიც საქართველოც იყო.

75 ქვეყანაში ვიზის გაცემა შეჩერდება 21 იანვრიდან და გაგრძელდება მანამდე, სანამ დეპარტამენტი დაასრულებს სავიზო პროცედურების გადახედვას.

ამასთან, ინსტრუქციების მიხედვით, საკონსულოს წარმომადგენელს უარი უნდა განეცხადებინა ვიზის გაცემაზე მრავალი ფაქტორის, მათ შორის - ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, ინგლისურის ცოდნის, ფინანსური მდგომარეობისა და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების საჭიროების გათვალისწინებითაც კი. ასაკოვანი ან ჭარბწონიანი აპლიკანტებისთვისაც შესაძლოა ეთქვათ ვიზაზე უარი და მათთვისაც, ვისაც სახელმწიფო ფულადი დახმარება ან ინსტიტუციონალიზაცია გამოუყენებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG