Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს საჩივრით მიმართა


ინფორმაცია რადიო თავისუფლებას BBC-ში დაუდასტურეს
ინფორმაცია რადიო თავისუფლებას BBC-ში დაუდასტურეს

„ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას, BBC-ს საჩივრით მიმართა დეკემბერში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო, - გამოძიებისა, რომლის თანახმადაც 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად პარლამენტში ბრიფინგზე გაავრცელა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას BBC-ში დაუდასტურეს.

ამასთან, BBC-ი კვლავ იცავს ჟურნალისტების ნამუშევარს.

„BBC-ს ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, გუშინ ოფიციალური სარჩელით მივმართეთ BBC-ს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან, BBC-ს მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა, ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“, - განაცხადა მან.

„ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თავდაპირველად საჩივრით მიმართავენ თავად ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს და თუკი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას კომუნიკაციების ბიუროში.

„თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას“, - თქვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მას დადგენილი პროცედურის შესაბამისად ვუპასუხებთ“, - განუცხადა BBC-ის სპიკერმა რადიო თავისუფლებას 15 იანვარს.

ის იმეორებს კორპორაციის უწინდელ პოზიციას, რომლის თანახმადაც BBC მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტურ ნამუშევარს.

„ჩვენი დოკუმენტური ფილმი „როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“, გადაღებულია მრავალგზის დაჯილდოებული გუნდის, BBC Eye-ის მიერ, არის გამოძიება საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქმედებების შესახებ და შეიცავს მტკიცებულებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მრავალი წყაროდან“.

„ეს მოიცავს ინტერვიუებს უშუალოდ მომიტინგეებთან, მრავალ ინფორმატორთან, გაეროს ექსპერტებსა და საქართველოში მყოფ ექსპერტებთან, ასევე სამედიცინო კვლევას, წერილობით დოკუმენტებსა და ანგარიშებს. რეპორტაჟი მთლიანად ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები ნათლად არის წარმოდგენილი აუდიტორიისთვის. ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას 15 იანვარს კორპორაციაში.

BBC საჩივრებს განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, როცა საკითხი მოკვლევას საჭიროებს, შესაძლოა ეს ვადა გახანგრძლივდეს. თუკი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, მხარეს შეუძლია მიმართოს აღმასრულებელი საჩივრების განყოფილებას (ECU), რომელიც საკითხს 20 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს.

მაუწყებლის მოთხოვნაა, საჩივარი შედგენილი იყოს არაშეურაცხმყოფელი ტექსტით. პირველ ეტაპზე მხარეს შესთავაზებენ საჩივარში ფორმულირების შეცვლას, თუკი პრობლემა არ აღმოიფხვრება, მაუწყებელი უფლებას იტოვებს, საკითხი არ განიხილოს.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე BBC-ში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გადაწყვეტს, შეუძლია მიმართოს Ofcom-ს (ბრიტანულ მარეგულირებელ ორგანოს).

BBC-ს მიერ 2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:

  • „ქიმიური სითხე UN 1710 “ - BBC-ს განმარტებით, ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), - „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის.
  • „ქიმიური ფხვნილი UN 3439 “ - ქოლგა ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას მოიცავს, თუმცა დემონსტრანტების სიმპტომების გათვალისწინებით, BBC-ს ექსპერტები ეუბნებიან, რომ ეს არის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ .
  • გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ამ ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.
  • ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „კამიტი“ დამოუკიდებლად არ იხსნება წყალში ისე, როგორც, მაგალითად, შაქარი, მისი წყალში შერევა და ჭავლით გაფრქვევა შესაძლებელია. დამატებით, შესაძლებელია ემულსიის მისაღებად ორგანული გამხსნელის, მაგალითად, TCE-ს დამატება, - BBC-ს ცნობით, სწორედ ეს გამხსნელია ინვენტარში ნახსენები.
  • ინფორმაციის გავრცელების დღესვე, 1 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ BBC-ს წინააღმდეგ დაიწყებდნენ სამართალწარმოებას.
  • 1 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
  • 6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რადგან ე.წ. კამიტის და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია“.

შენიშვნა: ინფორმაცია განახლდა 15 იანვარს, 18:30 საათზე BBC-ის საპასუხო კომენტარით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG