Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მოუწოდებს, დროშის დღის მისალოცი ვიდეო აიღონ


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მიმართავს, სოციალური ქსელიდან წაშალონ ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვნახეთ, რომ ეს იყო ძალადობის გამართლების, რომანტიზების, მათ შორის, მხარდაჭერის აქტი... მე მათ ადგილას ამ ვიდეოს საერთოდ ავიღებდი, ვინაიდან ეს უხამსობა ქართული დროშის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა და უპირველეს ყოვლისა, თავად ევროპის იდეის.

პრინციპში, ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გზავნილიც. ამაზე გასაგებად როგორ უნდა გვითხრან, ვისგან არის სიძულვილი და ძალადობა შთაგონებული, დაფინანსებული და მართული. ეს არის ის, რაც გუშინ ვიხილეთ ამ სამარცხვინო აქტით ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. ჩემი რჩევა იქნებოდა, მათ ადგილას უხამსი, საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი, ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი და ძალადობის წამაქეზებელი „მილოცვა“ და ვიდეო საკუთარი გვერდიდან აიღონ“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ევროკავშირის საელჩომ მისალოც ტექსტში გამოიყენა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი. ასევე აღნიშნა, რომ:

„ამ განსაკუთრებულ დღეს ვზეიმობთ სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს, რომელსაც ქართული დროშა გამოხატავს - სიმამაცისა და მომავლის რწმენის სიმბოლოს.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!“

38-წამიან ვიდეორგოლში, რომელსაც საქართველოს ჰიმნი მიუყვებოდა ფონად, ქართული დროშა არაერთი რაკურსით და ადგილზე იყო ნაჩვენები. მათ შორის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ფრაგმენტში პროევროპული აქციებიდან, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად იმართება.

ეს პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებაში მყოფი პარტია ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG