Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ამბობს, რომ მსოფლიო უფრო სახიფათო ხდება, არ ახსენებს მადუროს და ირანს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, საერთაშორისო სიტუაცია გაუარესდა და მსოფლიო უფრო სახიფათო ხდება - თუმცა ამ განცხადებებით გამოსვლისას, პუტინს არ უხსენებია ვითარება ვენესუელასა და ირანში.

ვლადიმირ პუტინს ჯერაც არ გაუკეთებია საჯარო განცხადება აშშ-ის მიერ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დამხობაზე, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებზე გრენლანდიასთან მიმართებით.

"საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება მზარდად უარესდება - ვფიქრობ, ამას ვერავინ უარყოფს. ხანგრძლივი კონფლიქტები მწვავდება და ჩნდება ახალი სერიოზული კერები", - თქვა პუტინმა ღიმილით, როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს.

პუტინმა სიტყვით მიმართა ახალ ელჩებს, რომლებმაც კრემლს სიგელები წარუდგინეს. მიმდინარე წელს ეს პუტინის პირველი სიტყვა იყო საერთაშორისო პოლიტიკაზე, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტს ღიად არ უხსენებია აშშ ან ტრამპი.

"მონოლოგებს ვისმენთ მათგან, ვინც იმის გამო, რომ ძლიერები არიან, დასაშვებად მიიჩნევენ თავიანთი ნების თავსმოხვევას, სხვებისთვის ლექციების კითხვას და ბრძანებების გაცემას", - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი გულწრფელად ერთგულია "მულტიპოლარული მსოფლიოს იდეალებისა".

პუტინი გამოვიდა მოწოდებით, დისკუსია გაიმართოს რუსეთის წინადადებებზე ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ.

"იმედი გვაქვს, ამის საჭიროება ადრე თუ გვიან აღიარებული იქნება. მანამდე რუსეთი გააგრძელებს თავისი მიზნებისთვის სისტემატურ მუშაობას".

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა - რომელიც ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი კონფლიქტია - რუსეთსა და დასავლეთს შორის წარმოშვა ყველაზე მწვავე კონფრონტაცია, 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG