Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ვერ ხედავს პუტინის მზაობას, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი

Politico-ს ცნობით, განსხვავებულია დიდი ბრიტანეთის პოზიცია საფრანგეთისა და იტალიის მოსაზრებისგან იმის თაობაზე, უნდა განაახლოს თუ არა ევროპამ პირდაპირი მოლაპარაკებების მცდელობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან უკრაინის საკითხზე.

გამოცემასთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა უარყო საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების წინადადებები პუტინთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში.

"ვფიქრობ, გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა, მოცემულ მომენტი მე ამას ვერ ვხედავ", - თქვა მან.

კუპერის თქმით, ის ხედავს უკრაინის ვალდებულებას, სამშვიდობო გეგმის შემუშავებისადმი, თუმცა ვერ ხედავს "იმის მტკიცებულებას, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ან მოლაპარაკებები გამართოს“.

ამასთან, მისი სიტყვებით, პუტინის ამგვარი მზაობის მტკიცებულებების პირობებშიც უნდა გაძლიერდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და გაიზარდოს უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა.

გასულ კვირაში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ დრო მოვიდა, ევროპა რუსეთს დაელაპარაკოს უკრაინის წინააღმდეგ ომზე. ის ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინის საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასაც.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შემუშავებულ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმირ პუტინი, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.

"კრემლი ეთანხმება დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს", - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ტრამპის განცხადების კომენტირებისას.

15 იანვრის საღამოს ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება. რითაც პასუხი გასცა ტრამპის განცხადებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG