ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დღეს, 16 იანვარს, არმიის მასშტაბური ინსპექტირების განკარგულება გასცა, წერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.
ლუკაშენკას სიტყვებით, შემოწმება მიმდინარეობს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელშიც ბელარუსი ფორმალურად არ მონაწილეობს) გამოცდილების გათვალისწინებით და ჯარში მისი დანერგვის მიზნით.
შემოწმებისა და სწავლების ფარგლებში დამუშავდება საჯარისო ნაწილების დაცვის და ომის წარმოების თანამედროვე საშუალებებისადმი, მათ შორის დრონებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარები.
ლუკაშენკა პირადად აპირებს შემოწმებაში მონაწილეობას.
პირველ ეტაპზე ბელარუსის ჯარში არსებული ჯავშანტექნიკა და სამხედრო ტექნიკა შემოწმდება.
ბელარუსი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობს, თუმცა სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ბელარუსის ტერიტორიიდან კიევის მიმართულებით ჯარების ჯგუფი შევიდა, რომლის მიზანიც, უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, კიევის ალყაში მოქცევა იყო. ომის დაწყების პირველ თვეებში ბელარუსში გახსნილი იყო ჰოსპიტლები დაჭრილი რუსი სამხედროების გადასაყვანად, რუსეთი იყენებდა ბელარუსის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე რაკეტებითა და ავიაგამანადგურებლებით დარტყმებისთვის.
ფორუმი