Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კლუნების ფონდის" შეფასებით, დაირღვა მზია ამაღლობელის უფლება სამართლიან სასამართლოზე


ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეს ეხმაურება.
ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეს ეხმაურება.

„კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე ანგარიშში წერს, რომ "ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლომ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა პროცესუალური ნორმების ბოროტად გამოყენებას".

როგორც ფონდში შემავალი „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივის" (TrialWatch), რომელიც საქმის მონიტორინგს ახორციელებდა, ანგარიშშია ნათქვამი, „მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებულმა სისხლის სამართლის საქმემ გამოავლინა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რამაც სერიოზულად შეარყია როგორც მისი პატიმრობისა და გასამართლების პროცესის სამართლიანობა, ისე მისი გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ“, - თქვა სერ ნიკოლას ბრატზამ, ბრიტანელმა იურისტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა და TrialWatch-ის ექსპერტმა იმ ანგარიშში, რომელმაც სასამართლო პროცესს D კლასი მიანიჭა.

TrialWatch-ი შესწავლილ სასამართლო საქმეებს ხუთი კატეგორიით აფასებს, მასში A საუკეთესო ქულას ნიშნავს, F-ი კი ყველაზე უარესს. D ქულით შეფასება ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესმა ვერ დააკმაყოფილა სამართლიანი სასამართლოს ძირითადი საერთაშორისო მოთხოვნები.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ბრალდების კვალიფიკაციის მოულოდნელმა შეცვლამ, ამაღლობელს არ დაუტოვა რეალური შესაძლებლობა, თავი დაეცვა დანაშაულის იმ ახალი ელემენტებისგან, რომელთა გამოც საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მოცემული ადეკვატური დასაბუთება გამამტყუნებელი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელისთვის, რაც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა.

კლუნების ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ეს ხარვეზები არ გამოსწორებულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომებზეც, რაც მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს.

"კერძოდ, განზრახვაზე, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული დამოუკიდებელი ჟურნალისტი მაგალითი ყოფილიყო სხვა განსხვავებული აზრის დასაშინებლად. საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები უკვე არღვევდა ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებას."

საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებამდე, TrialWatch-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის და უზრუნველყოს, რომ სასამართლოები მოქმედებდნენ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალდება, - „პოლიციელზე თავდასხმა“, - რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, გადაუკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი მუხლით, „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველზე“ ძალადობით და მას ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

მზია ამაღლობელის განაჩენი ერთობლივად დაგმეს 24 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და მას „არაპროპორციული და პოლიტიზებული“ უწოდეს.

პატიმრობაში ყოფნისას და ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობა შეირყა. ჟურნალისტმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG