Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზეთი არ დაარიგოთ“ - დაკავებული დემონსტრანტების ახლობლებს პოლიცია აეროპორტში არ უშვებს


დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრებს პოლიცია თბილისის აეროპორტში შესვლის უფლებას არ აძლევს.
დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრებს პოლიცია თბილისის აეროპორტში შესვლის უფლებას არ აძლევს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. დღეს იქ პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები მივიდნენ, მათ უნდათ ქვეყანაში ჩამომსვლელ და წამსვლელ მგზავრებს გაზეთები დაურიგონ, რომლებშიც ციხიდან გამოგზავნილი წერილებია თავმოყრილი.

„შიგნით ვერ შეხვალთ! შიგნით ვერანაირ ბუკლეტს ვერ დაარიგებთ! გამორიცხულია! გარეთ შეგიძლიათ დაარიგოთ... სტიკერი არ გააკრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, - უთხრა პოლიციელმა მათ.

დაპატიმრებული დემონსტრანტების ოჯახის წევრებთან ერთად მსგავს აქტივობებში მუდმივად მონაწილეობს პოლიტიკოს თეონა ჭალიძე, რომელიც პოლიციას გამოელაპარაკა:

​„ჩვენ აქციას აქ არ ვმართავთ, არც რაიმეს გაკვრას ვგეგმავთ შიგნით... სინდისის პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები აქ მოვედით, რომ პოლიტპატიმრების ხმა და წერილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წავიდეს“.

პოლიციელები დგანან აეროპორტის შესასვლელთან.

„შიგნით არ გადაადგილდეთ“ - უთხრა მათ პოლიციელმა.

რაზეც დაპატიმრებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზვიად ცეცხლაძემ რეპლიკით მიმართა: „შიგნით რომ შევიდე, ყავა დავლიო და ტუალეტით ვისარგებლო, რა დაშავდება?!“

„შიგნით ვერ შეგიშვებთ“ - გაიმეორა პოლიციელმა.

...

„რა ყავას სვამთ, გამოგიტანთ“, - უთხრა პოლიციელმა თეონა ჭალიძეს.

გაზეთს „თავისუფლების ხმა ციხიდან“, რომელიც პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტების წერილებს უყრის თავს, პატიმრების ოჯახის წევრები 2025 წლის ზაფხულიდან ბეჭდავენ და ავრცელებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არაერთი დემონსტრანტი გაასამართლა სისხლის სამართლის წესით. იმის მიუხედავად, რომ არაერთმა პოლიციელმა იძალადა პარლამენტთან შეკრებულ ადამიანებზე, არცერთი მათგანი ამ დრომდე არ დასჯილა.

ერთ წელზე მეტია, აქციები უწყვეტად იმართება დედაქალაქის ცენტრში. პროტესტი გამოიწვია 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG