Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში ათასობით მოქალაქე მივიდა გრენლანდიის მხარდასაჭერ აქციაზე


დანიაში ათასობით მოქალაქე მივიდა გრენლანდიის მხარდასაჭერ აქციაზე, 2026 წლის 17 იანვარი
დანიაში ათასობით მოქალაქე მივიდა გრენლანდიის მხარდასაჭერ აქციაზე, 2026 წლის 17 იანვარი

17 იანვარს დანიაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციებში, რომლებიც გაიმართა გრენლანდიაზე აშშ-ის განაცხადების წინააღმდეგ. კოპენჰაგენში დემონსტრანტები ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და შემდეგ აშშ-ის საელჩოსთან წავიდნენ.

სააგენტო Reuters-ის თანახმად, დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "გრენლანდია არ იყიდება", მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით "ხელები შორს გრენლანდიისგან", "სოლიდარობა!", ასევე კუნძულის დროშები.

აქციების ფონია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი მუქარა, რომ ის დამატებით გადასახადებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გრენლანდიაზე ამერიკელთა კონტროლს.

კოპენჰაგენში იმყოფება აშშ-ის დელეგაცია, რომლის წევრებიც იქ ჩავიდნენ დანიისა და გრენლანდიის ლიდერებთან შესახვედრად. დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ პატივს სცემს დანიას და ნატოს "იმ ყველაფრისთვის, რაც ერთად გავაკეთეთ". "იმედი მაქვს დანიის სამეფოს ხალხი უარს არ იტყვის თავის რწმენაზე ამერიკელი ხალხის მიმართ" - თქვა სენატორმა.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა თავისი სურვილი კონტროლი მოიპოვოს გრენლანდიაზე. პირველად ეს იდეა მან წამოაყენა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველ ვადაში. ტრამპი ამტკიცებდა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკელი სამხედროებისთვის და დანიამ მისი დაცვისთვის საკმარისი არ გააკეთა.

გრენლანდია დანიის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური ტერიტორია და მსოფლიოს უმსხვილესი კუნძულია, იქ 57 ათასამდე ადამიანი სახლობს. ტერიტორია არ არის ნატოს დამოუკიდებელი წევრი, თუმცა იმყოფება ამ ალიანსის წევრი სახელმწიფოს, დანიის დაცვის ქვეშ.

გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მას აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. მინერალური რესურსებით სიმდიდრე ასევე თანხმობაშია ვაშინგტონის სურვილთან, შეამციროს ჩინურ ექსპორტზე დამოკიდებულება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG