საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მანქანებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
დიდთოვლობის გამო, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით გაივლით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქაც დროებით აკრძალულია.
იგივე ვითარებაა დიდთოვლობის გამო ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე. მსუბუქი ავტომობილებით იქ გადაადგილება ჯერჯერობით შეზღუდულია.
ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. აქაც - დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით ვერ გადაადგილდებიან მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილები. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეეძლება.
თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება თბილისს, თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება.
თბილისი მერია მოსახლეობას მოუწოდებს თოვლიან ამინდში მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. ხოლო საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მიმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
ფორუმი