გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მშვიდობის საბჭოს“ „გაეროს პოტენციურ შემცვლელად... ერთგვარ პარალელურ, არაოფიციალურ ორგანოდ მიიჩნევს ღაზის სექტორის გარეთ არსებული სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად“.
არაბმა დიპლომატმა FT-ს განუცხადა, რომ რეგიონი ამ იდეას „სიფრთხილით“ ეკიდება, რადგან „ეს ჩვეულებრივი პროცედურა არ არის“.
აშშ-სთან მოლაპარაკებებში ჩართულმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების წინადადებებს შორისაა ტრამპის ხელმძღვანელობით ცალკე „მშვიდობის საბჭოს“ შექმნა. გაზეთის წყაროს ცნობით, ამ ორგანოში შეიძლება შედიოდნენ უკრაინის, ევროპის, ნატოს და რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებენ.
17 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ჩავიდა. დელეგაციაში ასევე შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და პარლამენტის წევრი დავით არახამია. ბუდანოვის თქმით, ისინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ასევე არმიის მდივანთან, დენიელ დრისკოლთან შეხვედრას გეგმავენ. მოლაპარაკებების დროს სამშვიდობო შეთანხმების დეტალები განიხილება.
თეთრმა სახლმა ადრე გამოაცხადა ღაზის სექტორში „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა. მის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ამერიკელი ბიზნესმენი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე რობერტ გაბრიელი.
გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს თითოეული წევრი გაუძღვება ამოცანების კონკრეტულ მიმართულებს, რომელიც „ღაზის სექტორში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.
ღაზას სექტორის მმართველობის ეროვნულ კომიტეტს ალი შაათჰი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე პალესტინის ეროვნულ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
ბულგარელი დიპლომატი ნიკოლაი მლადენოვი მშვიდობის საბჭოსა და ღაზის სექტორის მმართველობის ეროვნულ კომიტეტს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას შეასრულებს.
ფორუმი