ცენტრალურ აზიაში მდებარე ტაჯიკეთს ავღანეთთან მთიანი საზღვარი ყოფს და დაძაბული ურთიერთობა აქვს თალიბანის ხელისუფლებასთან.
ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Khovar-ს მოჰყავს, „ოთხი ტერორისტი გაანეიტრალეს მას შემდეგ, რაც მათ სამხრეთ ხათლონის რეგიონში იარაღის დაყრაზე უარი თქვეს.
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მთიან საზღვარზე, რომელიც დაახლოებით 1350 კმ სიგრძისაა, ნოემბრიდან მოყოლებული, სულ მცირე, ხუთი სასიკვდილო ინციდენტი აღნუსხა.
AFP-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ტაჯიკი მესაზღვრეები, ჩინელი მუშები და ისინი, ვისაც დუშანბე „კონტრაბანდისტებს“ და „ტერორისტებს“ უწოდებს.
ნოემბერში ჩინეთის მოქალაქეებზე თავდასხმების შემდეგ, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მოუწოდა თალიბანის მთავრობას, მიეღო ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად არასტაბილურ სასაზღვრო რეგიონში, სადაც ნარკოტიკებით მოვაჭრეები და ისლამისტი მებრძოლები აქტიურობენ.
ცენტრალური აზიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც თალიბანის მთავრობასთან კავშირებს ამყარებენ, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი - რომელიც ხელისუფლებაშია 1992 წლიდან - ღიად აკრიტიკებს ავღანეთის ხელისუფლებას.
დუშანბე ასევე შეშფოთებულია ავღანეთში მოქმედი ჯიჰადისტური ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ გამო.
რახმონმა მოუწოდა თალიბანის მთავრობას, პატივი სცეს ეთნიკური ტაჯიკების უფლებებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ. თუმცა ტაჯიკეთი ასევე დგამს ნაბიჯებს ქაბულთან თანამშრომლობის მიმართულებით, ელექტროენერგიის მიწოდების, სასაზღვრო ბაზრების გახსნისა და ავღანელი და ადგილობრივი ტაჯიკი ოფიციალური პირების შეხვედრების გზით.
ფორუმი