Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკორდს მიაღწია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჯამურმა ქონებამ - Oxfam


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

მსოფლიო მილიარდერების ქონება 2025 წლისთვის 2,5 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია საქველმოქმედო ორგანიზაციების გაერთიანების, Oxfam-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც, დღეს 19 იანვარს, გამოქვეყნდა. დოკუმენტი ეძღვნება შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დაწყებას.

ორგანიზაციის გაანგარიშებით, მილიარდერების ჯამური სიმდიდრე 2020 წლის მარტიდან 81%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს - 18,3 ტრილიონ დოლარს (15,8 ტრილიონი ევრო) მიაღწია. როგორც Oxfam-ი აღნიშნავს, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ოთხ წამში მსოფლიოში საშუალო წლიური შემოსავლის ეკვივალენტს გამოიმუშავებს.

ამავდროულად, ანგარიშის მიხედვით, კაცობრიობის თითქმის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. მათი ქონება გლობალური სიმდიდრის მხოლოდ 0,52%-ს შეადგენს, ხოლო უმდიდრესების 1%-ზე მოდის დანარჩენი სიმდიდრის 43,8%.

"ჩვენ მილიარდერების ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს მსოფლიოსთვის ცუდი ცნობაა", - განაცხადა Oxfam-ის გერმანული განყოფილების თავმჯდომარემ შარლოტ ბეკერმა. მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უმდიდრესი ადამიანების ეკონომიკური ძალაუფლების პოლიტიკურ გავლენად გარდაქმნა, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას.

გერმანია მეოთხე ადგილზეა უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით. Oxfam-ის თანახმად, 2025 წელს მათი რაოდენობა გაიზარდა, გერმანიაში, სადაც მოსახლეობის მეხუთედი ღარიბად ითვლება, 172 მილიარდერია.

ორგანიზაცია მილიარდერებისთვის გადასახადის შემოღებას მიიჩნევს მიზანშეწონილად, რაც, მათი მოსაზრებით, ხელს შეუწყობს სიმდიდრის უფრო სამართლიან განაწილებას, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და დემოკრატიის დაცვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG