აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაუბრუნდა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების თემას და სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ დანიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, გაფრთხილებების მიუხედავად, არაფერი გააკეთა თავისი ავტონომიური ტერიტორიის მიმართ "რუსული საფრთხის" ჩამოსაშორებლად, "ახლა კი მოვიდა დრო და ეს გაკეთება".
მედია, მათ შორის PBS და სააგენტო Bloomberg-ი, წერენ, რომ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები აღარ იქნება მხოლოდ სამშვიდობო ძალისხმევაზე ორიენტირებული, არამედ ყურადღებას გაამახვილებს თავის ეროვნულ ინტერესებზე. წერილში, რომელსაც მედია ციტირებს, მაგრამ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობის მიუხედავად, ტრამპმა ვერ მოიპოვა ნობელის მშვიდობის პრემია.
წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს დანიის სუვერენიტეტს კუნძულზე. „მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება მანამ, სანამ შეერთებული შტატები გრენლანდიაზე სრულ კონტროლს არ მოიპოვებს“, - ციტირებს მედია წერილს.
17 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნა გრენლანდიაში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდს, ფინეთს, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთს. ხოლო თუ შეთანხმება არ შედგება, პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
მისივე თქმით, "გადასახადი შენარჩუნდება მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული შეთანხმება გრენლანდიის სრულ და აბსოლუტურ შესყიდვაზე“.
დანიისა და გრენლანდიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „გრენლანდია არ იყიდება“ და კუნძულის ბედი შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გადაწყვიტოს. ისინი არ იზიარებენ ტრამპის მტკიცებას, რომ კუნძულს რუსეთის ან ჩინეთის კონტროლის ქვეშ მოხვედრის საფრთხე ემუქრება.
18 იანვარს ერთობლივ განცხადებაში ევროპის რვა ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიის ხალხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არქტიკის ამ კუნძულის ანექსიის მუქარის შემდეგ.
„როგორც ნატოს წევრები, ჩვენ ვალდებული ვართ, გავაძლიეროთ არქტიკის უსაფრთხოება, როგორც საერთო ტრანსატლანტიკური
ინტერესი“, - ნათქვამია დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში.
„ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საშიშროებას ქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა არაერთხელ დაადასტურა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილი. პირველად ეს იდეა მან 2019 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას გაახმაურა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად.
ფორუმი