ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაველაშვილის მიერ მისთვის „კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“.
ეს სტანდარტული ფორმულირებაა, - იგივე ტექსტით გამოქვეყნდა განცხადება შარშან, 2025 წელსაც.
ჯერ უცნობია, თუ ვინ არის შეწყალებულთა სიაში - უცნობია ისიც, არის თუ არა სიაში რომელიმე იმ დემონსტრანტებისგან, რომლებიც 2024 წლის შემდეგ მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.
ეს სია, - რომელიც ათონელის რეზიდენციიდან პენიტენციურ სამსახურს ეგზავნება, - როგორც წესი, არ ქვეყნდება.
ისიც უცნობია, ყაველაშვილის გადაწყვეტილება დღესვე, - ანუ დარჩენილ 1.5 საათში - აღსრულდება თუ არა, - რაც კანონით დადგენილი აუცილებლობა არ არის. არ არსებობს არც ოჯახის წევრების წინასწარი ინფორმირების ვალდებულება.
პრეზიდენტის 2019 წლის ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება „შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
პენიტენციურ დაწესებულებებთან დილიდან იმყოფებიან ჟურნალისტები, მათ შორის რადიო თავისუფლების რეპორტიორები.
რუსთავისა და გლდანის ციხეებთან საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დაახლოებით დილის ცხრა საათიდან ელოდებიან შეწყალების აქტს, თუმცა, როგორც ამბობენ, თითქმის ნულოვანი იმედით.
დღის ბოლოს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმა, თუმცა არც ის ფლობს რაიმე ინფორმაციას.
„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ ყაველაშვილმა უნდა შეიწყალოს ის, ვინც დანაშაულს აღიარებს და სინანულს გამოხატავს ამის გამო.
ფორუმი