Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტივ უიტკოფი: სამშვიდობო მოლაპარაკებებში მხოლოდ ერთი გადაუჭრელი საკითხია


სტივ უიტკოფი
სტივ უიტკოფი

22 იანვრის დილით შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ე.წ. უკრაინულ საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მხარეები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.

უიტკოფის სიტყვებით, რჩება მხოლოდ ერთი გადაუჭრელი საკითხი - როგორც ჩანს, საუბარია ტერიტორიების კონტროლის საკითხზე.

სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დღეს მოსკოვში გაემგზავრება ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.

მან აღნიშნა, რომ გუშინ გვიან საღამომდე გაგრძელდა მისი და ამერიკული დელეგაციის სხვა წევრების შეხვედრა უკრაინის დელეგაციასთან. განიხილეს, მათ შორის, უკრაინის ეკონომიკის აღდგენის საკითხი. ამასთან უიტკოფმა თავისუფალი ეკონომიკური ზონა ახსენა. დონეცკის ოლქში ასეთი ზონის შექმნის იდეამ მანამდეც გაიჟღერა, თუმცა გაურკვეველია, ვის კონტროლს შეიძლება დაექვემდებაროს ასეთი ზონა. რუსეთი მთელი ოლქის მის კონტროლს დაქვემდებარებას მოითხოვს; ამჟამად ის ოლქის 70%-ზე მეტს აკონტროლებს.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა დავოსში შეხვედრები გამართეს უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო კომპანიის, BlackRock-ის წარმომადგენლებთან, ნორვეგიისა და კატარის პრემიერ-მინისტრებთან და აშშ-ის მომლაპარაკებლებთან ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან.

დღეს დავოსში შესაძლოა აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გუშინდელ გამოსვლაში განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჰიპოთეზურად სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, მზადაა განიხილოს შეერთებულ შტატებში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების გამოყენების საკითხი „სამხედრო ოპერაციების დროს დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად“. პუტინმა არ დააკონკრეტა, რომელ ტერიტორიებს გულისხმობდა - უკრაინის კონტროლის ქვეშ არსებულს თუ ომის დროს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულს. რუსეთის პრეზიდენტმა პირველად დაუშვა რუსული აქტივების ამ მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG