„სისტემის“ შვილობილი კომპანია „სიტრონიქსი“ - რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული, - სომხეთში ფლობს ორ მსხვილ საწარმოს, „მარსსა“ (Mars) და „მერგელიანის ინსტიტუტს“ (Mergelyan Institute).
რა განიხილეს შეხვედრაზე
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა 20 იანვარს, თუმცა მხოლოდ მოკლე ცნობით შემოიფარგლა.
„შეხვედრის დროს მათ გაცვალეს მოსაზრებები სომხეთის რესპუბლიკაში ზოგადი ეკონომიკური განვითარების, ასევე საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესახებ“, - წერია მთავრობის პრესრელიზში.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის სამეწარმეო რეესტრში კომპანიების 19 იანვრით დათარიღებული განახლებული ამონაწერის თანახმად, ორივე საწარმოს მფლობელად კვლავ ფიქსირდება კომპანია „სიტრონიქსი“ (Sitronics).
„სიტრონიქსს“, - რომელსაც ევტუშენკოვის „სისტემა“ ფლობს, - შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის 6 დეკემბერს დაუწესა სანქციები.
სანქციის გამოცემის დასაბუთებისას სახაზინო დეპარტამენტმა მიუთითა, რომ „სიტრონიქსი“ „ავითარებს გემების მართვის სისტემებსა და გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც განკუთვნილია რუსი სამხედროებისთვის“.
რა საწარმოებს ფლობს ის
რაც შეეხება ორ საწარმოს სომხეთში:
- ორივე მათგანი სომხეთის სახელმწიფომ 2002 წელს 100 მლნ დოლარის ვალის ჩამოწერის სანაცვლოდ გადასცა რუსეთის ფედერაციას; იმ დროიდან მისი მფლობელი გახდა ევტუშენკოვის „სისტემის“ შვილობილი კომპანია;
- „მარსი“ 1980-იან წლებში დაარსდა და თვითმავალი სისტემების წარმოებით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი ელექტრონული აღჭურვილობისა და ციფრული ტელეფონების წარმოება დაიწყო. საწარმოს ტერიტორია 42 ჰექტარს მოიცავს და, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ფაქტობრივად არ მუშაობს.
- 2023 წელს ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს ესაუბრა „მარსის“ შესახებ და თქვა, რომ ტერიტორიას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა „მისი მხოლოდ მცირე ნაწილია გამოყენებული“.
- მეორე საწარმო არის „ერევნის მათემატიკური მანქანების კვლევითი ინსტიტუტი“, რომელიც ატარებს სომეხი საბჭოთა მათემატიკოსის, სერგეი მერგელიანის სახელს.
რის გამო აქვს სანქციები
ვლადიმირ ევტუშენკოვს ევროკავშირმა 2025 წლის 24 თებერვალს დაუწესა სანქციები, დიდმა ბრიტანეთმა კი - 2022 წლის 13 აპრილს.
ბრიტანეთის სანქციების ის პაკეტი, რომელშიც ევტუშენკოვი მოხვდა, მიმართული იყო „მათკენ, ვინც მხარს უჭერს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ უკანონო სეპარატისტულ რეგიონებს უკრაინაში“.
„ფორბსის“ ცნობით, 2022 წელს სანქცირების შემდეგ ევტუშენკოვმა „სისტემის“ 10% საკუთარ ვაჟს გადაუფორმა - „ფორბსის“ თანახმად, ის კომპანიის 49%-ს ფლობს.
„ფორბსის“ ცნობითვე, 2023 წელს „სისტემამ“ - თავისი შვილობილი ფირმის, Cosmos Hotel Group-ის მეშვეობით, - შეისყიდა Radisson-ისა და Park Inn-ის ათი სასტუმრო „სულ რაღაც 200 მილიონ ევროდ“. მან სასტუმროები იყიდა ნორვეგიული Wenaas Hotel Russia-სგან, რომელმაც რუსული ბაზარი დატოვა.
ვლადიმირ ევტუშენკოვს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან, - ფაშინიანის ერთ-ერთი მეტოქესთან.
როდესაც „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, 2018 წელს ქოჩარიანი სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ დააკავა, $4,1 მილიონის მოცულობის გირაო სწორედ „სისტემამ“ გადაიხადა. ევტუშენკოვს წარსულში პირადადაც აქვს მხარდაჭერა გამოცხადებული. ქოჩარიანი 2019 წელს „სისტემის“ დირექტორთა საბჭოში აირჩიეს.
ევტუშენკოვი და საქართველო
- ვლადიმირ ევტუშენკოვი ფიგურირებს 2022 წლის 25 აპრილს Youtube-ზე გავრცელებულ სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერში. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ერთმანეთს ელაპარაკებიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი. ჩანაწერმა არაერთი შეკითხვა გააჩინა.
- პირველ ჩანაწერში საუბრის თემა „მარცვლეულს“ ეხება. ევტუშენკოვი ივანიშვილს ესაუბრება ხორბალთან დაკავშირებულ რაღაც იდეაზე, რომელიც მისთვისაც საინტერესოა და რომელიც საქართველოში ვინმე „დავითს“ მიაქვს. ასევე, ევტუშენკოვი ახსენებს თავის იმდროინდელ მოადგილეს, ალი უზდენოვს და ამბობს, რომ „ის დავითთან ერთად ჩავა“, რაზეც ივანიშვილი უპასუხებს, რომ ის „აქ დახვდება“. მათ საუბარს ახლომეგობრული ტონი აქვს.
- მეორე აუდიოჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს (რომელსაც ბორენკათი მიმართავს), უკვე სთხოვს თავის მოადგილესთან, ალისთან (უზდენოვი) შეხვედრას. ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მას უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც, მისი სიტყვებით, „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", რომ თავად ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მაინც მზად არის, შეხვდეს.
ფორუმი