Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „ახალი ღაზის“ თავიანთი ხედვა წარადგინეს


"ახალი ღაზის" გეგმის პრეზენტაცია დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს. 22 იანვარი, 2026 წელი
"ახალი ღაზის" გეგმის პრეზენტაცია დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს. 22 იანვარი, 2026 წელი

22 იანვარს დავოსში აშშ-მა წარადგინა „ახალი ღაზის“ გეგმა.

Reuters-ის თანახმად, ამის ფონზე, ამავე დღეს ღაზის სექტორში, ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მხრიდან ძალადობაზე, რომელიც ოქტომბრის ზავის შეთანხმების დარღვევაა, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 22 იანვარს წარადგინეს „ახალი ღაზის“ თავიანთი ხედვა, რომელიც ომის შედეგად განადგურებულ ტერიტორიას ცათამბჯენების ბრწყინვალე ზღვისპირა კურორტად გადააქცევს და განაცხადეს, რომ ეს აღმშენებლობა სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი.

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც ჰამასის მიერ ისრაელზე 2023 წლის ოქტომბერში თავდასხმის პასუხად დაიწყო, პალესტინელთა ტერიტორიის - ღაზის სექტორის - დიდი ნაწილი დაზიანდა ან განადგურდა და მისი მცხოვრებლების უმეტესობა აიძულა, სახლებიდან გაქცეულიყო.

გასული წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რამაც დაბომბვისა და საბრძოლო მოქმედებების დონე შეამცირა, თუმცა ღაზის მოსახლეობის უმეტესობისთვის ჰუმანიტარული კატასტროფა უკვე სამი თვეა გრძელდება.

„ჩვენ ძალიან წარმატებული ვიქნებით ღაზაში. ეს შესანიშნავი სანახავი იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში კონფლიქტის მოგვარების საკამათო ორგანოს, „მშვიდობის საბჭოს“, წარდგენისას.

„გულით მე უძრავი ქონების ადამიანი ვარ... და ვთქვი, შეხედე ამ ადგილს ზღვაზე. შეხედე ამ ულამაზეს ქონებას. რა იქნება ეს უამრავი ადამიანისთვის“, - თქვა მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებში ტრამპის ერთ-ერთი წარმომადგენელია, განაცხადა, რომ თავისი „გენერალური გეგმა“ „კატასტროფულ წარმატებას“ ისახავს მიზნად.

„იცით, ახლო აღმოსავლეთში ასეთ ქალაქებს აშენებენ ორი ან სამი მილიონი ადამიანისთვის, ისინი ამას სამ წელიწადში აშენებენ“, - თქვა კუშნერმა და ახსნა: „ასე რომ, ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია, თუ ამას განვახორციელებთ“.
მან დანგრეული ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების აღსადგენად მინიმუმ 25 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე ისაუბრა. მისი თქმით,
10 წლის განმავლობაში ტერიტორიის მშპ 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო ოჯახები წელიწადში საშუალოდ 13 000 დოლარის შემოსავლით ისარგებლებენ, „100%-იანი სრული დასაქმებისა და ყველასთვის შესაძლებლობების უზრუნველყოფის წყალობით“.

კონფლიქტის დასაწყისში ტრამპმა ღაზის „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ გადაქცევის თავისი ხედვა წარადგინა, რამაც მთელ მსოფლიოში აღშფოთება გამოიწვია.

გაეროს მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა ამ თვეში განაცხადა, რომ ღაზის მოსახლეობა „არაადამიანურ“ პირობებში ცხოვრობს მიუხედავად იმისა, რომ ზავი, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, მეორე ფაზაში შევიდა.
მთელი უბნები, საავადმყოფოები და სკოლები ძლიერ დაზიანდა ან განადგურდა, რის გამოც ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, დროებით თავშესაფრებში ეცხოვრა.

კუშნერმა განაცხადა, რომ ღაზის ეკონომიკური პროდუქციის 85 პროცენტს დიდი ხნის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარება წარმოადგენდა.
„ეს არ არის მდგრადი. ეს ამ ხალხს ღირსებას არ მატებს. ეს მათ იმედს არ აძლევს“, - თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასის სრული განიარაღება, როგორც ეს ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტით იყო გათვალისწინებული, დაარწმუნებს კომპანიებსა და დონორებს, პასუხისმგებლობა აიღონ ამ ტერიტორიაზე.

ჰამასის მიერ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1221 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 251 ადამიანი იმ დღეს მძევლად აიყვანეს. მათგან 44 დაიღუპა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ისრაელის საპასუხო თავდასხმას ღაზაზე, სულ ცოტა, 71 562 ადამიანი ემსხვერპლა. ამ მონაცემებს გაერო სანდოდ მიიჩნევს.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, 477 პალესტინელი დაიღუპა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG