23 იანვარს, გამთენიისას დასრულდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, შეხვედრა დაახლოებით 3,5 საათს გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, რომლის თქმითაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები, 23 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართება. უშაკოვმა ასევე დასძინა, რომ რუსული დელეგაციის შემადგენლობა უკვე ჩამოყალიბებულია და მას პუტინისგან „კონკრეტული ინსტრუქციები“ აქვს მიღებული. მისი თქმით, რუსეთის დელეგაციაში შედის „თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა”, დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის, იგორ კოსტიუკოვის მეთაურობით.
იური უშაკოვმა კრემლში გამართულ მოლაპარაკებებს „ყველა გაგებით სასარგებლო“ უწოდა. ამასთან მან ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს - რ.თ.] მიზნების თანმიმდევრულად მიღწევას მანამ, ვიდრე არ ხერხდება პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით შეთანხმების მიღწევა“.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, მოსკოვმა შეხვედრაზე ასევე გაიმეორა, რომ „ტერიტორიული საკითხის გადაჭრის გარეშე შეუძლებელია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საკითხის გადაწყვეტა“.
კრემლში დასრულებულ შეხვედრას “მნიშვნელოვანი” უწოდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„დღეს კრემლში რუსეთსა და აშშ-ს შორის მნიშვნელოვანი საუბარი შედგა. პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო მშვიდობისმყოფელები სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ჯოშ გრუენბაუმი. ასევე მივიღეთ მონაწილეობა (საუბარში) მე და პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა“, - დაწერა კირილ დმიტრიევმა.
22 იანვარს სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ის და ჯარედ კუშნერი, რომლებიც უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, მოსკოვში გაფრინდებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის დღის წესრიგში შეტანილია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უკრაინა-რუსეთი-აშშ-ის მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.
22 იანვრის დილით, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ე.წ. უკრაინულ საუზმეზე გამოსვლისას, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მხარეები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მხოლოდ ერთი გადაუჭრელი საკითხი რჩება - როგორც ჩანს, ტერიტორიის კონტროლი.
სტივ უიტკოფი ბოლოს მოსკოვში 2 დეკემბერს იმყოფებოდა, როდესაც ვლადიმირ პუტინთან მისი მოლაპარაკებები ხუთ საათს გაგრძელდა. ეს უიტკოფის მეშვიდე ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში გასული წლის შემდეგ.
ფორუმი