"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა. ამის შესახებ ონიანმა განაცხადა ორგანიზაციის ოფისში დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი.
„საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმით განხილვის უფლება. საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური განაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს", - თქვა ბრიფინგზე თამარ ონიანმა.
საიამ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაგზავნა 2025 წელს, საქართველოში საერთო სასამართლოებში პროცესის ამოწურვის შემდეგ.
თამარ ონიანის განმარტებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლისა (თავისუფალი არჩევნების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ფარგლებში.
„სასამართლო ასევე იმსჯელებს და შეაფასებს, არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე", - თქვა საიას თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ საჩივრები არსებითად განსახილველად მოკლე დროში მიიღო, რაც ხაზს უსვამს სასამართლოს მხრიდან საქმის პრიორიტეტულობას, რაც, მისი თქმით, "იძლევა შესაძლებლობას, საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც არღვევს კონვენციური უფლებებით დაცულ სფეროს".
სასამართლომ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე.
"სახელმწიფომ უნდა უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს პოზიცია, თუ რამდენად იყო ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩევნების უფლება დაცული. ასევე, დაირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესის გამო", - განაცხადა თამარ ონიანმა.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი არ ცნობენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელთა მიხედვით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ხმათა 53,932% მიიღო.
განახლება:
მოგვიანებით მედიასთან საუბარში სარჩლეს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი. მისი თქმით ევროპულ სასამართლოში, 11 ფიზიკური პირის და 1 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარია შესული.
„ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი – 2025 წლის დასაწყისში, თუმცა, ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე“.
ძამაშვილის თანახმად, მომჩივნების ნაწილი დავობს ხმის უფლების ფარულობის დარღვევაზე, მეორე საზღვარგარეთ მცხოვრები ნაწილი კი, იმაზე, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ გაიხსნა უფრო მეტი საარჩევნო უბანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„სტრასბურგის სასამართლოს კითხვები ეხება შემდეგ საკითხებს – რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით; რამდენად შეიძლება, ზოგადად, ირღვეოდეს ხმის მიცემის უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რამდენად შეიძლება იყოს საია, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მომჩივანი ამ საქმეში.", - ამბობს ბექა ძამაშვილი.
მისი სიტყვებით "ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე კი, ყველა შიდა და გარე აქტორს მოუწევს, დაელოდონ პროცედურებს და აღარ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგანაც, რასაც გადაწყვეტს სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, - უთხრა მედიას ბექა ძამაშვილმა.
არჩევნები 2024
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში პირველი სრულად პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები, რომელშიც ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ამავე არჩევნებმა დაუდო საფუძველი მძიმე პოლიტიკური კრიზისის მეორე ტალღას ქვეყანაში და განგრძობად პროტესტს, რომელიც ევროპასთან დაახლოებისა და სამართლიანი არჩევნების გამართვის მოთხოვნებს დაეყრდნო.
ამ არჩევნებს, ქვეყანაში მანამდე განვითარებულმა მოვლენებმა, „აგენტების კანონის“ დამტკიცებამ, ხელისუფლების ანტიდასავლურმა გზავნილებმა, ყველა მხარის ხედვით, გადამწყვეტი დატვირთვა მიანიჭა.
კენჭისყრის დღეს მედიამ და დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის:
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - ბიულეტენების მეორე მხარეს გაჟონილი ლაქების შედეგად ჩანდა ამომრჩეველთა არჩევანი;
- ამომრჩეველთა დაშინება და ზეწოლა;
- საარჩევნო უბნებზე დაკვირვების პროცესის ხელის შეშლა და სხვა.
არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც.
თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“, 2024 წლის არჩევნების შესახებ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ 53-გვერდიან დასკვნაში წერს:
- „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“;
- „მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, - ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პროდასავლურ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე გასული წლის ნოემბრიდან აქცია მიმდინარეობს.
ფორუმი