Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხებმა უკრაინისთვის 22 მლნ-ზე მეტი შეაგროვეს გენერატორების შესაძენად


უკრაინელები მობილურ გამათბობელ სადგურში, სადაც კიევის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გათბნენ, დალიონ ჩაი, დატენონ მოწყობილობები და მიიღონ დახმარება ელექტროენერგიისა და გათბობის გათიშვის დროს. კიევი. 2026 წლის 20 იანვარი
უკრაინელები მობილურ გამათბობელ სადგურში, სადაც კიევის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გათბნენ, დალიონ ჩაი, დატენონ მოწყობილობები და მიიღონ დახმარება ელექტროენერგიისა და გათბობის გათიშვის დროს. კიევი. 2026 წლის 20 იანვარი

ჩეხურმა ინიციატივამ Darek pro Putina („საჩუქარი პუტინისთვის“) დაახლოებით 22 მილიონი ჩეხური კრონა (100 კრონა - 4,8 $) შეაგროვა კიევისთვის გადასაცემი გენერატორების შესაძენად.

უკრაინა რუსეთის მიერ ენერგეტიკის ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად სათბობისა და ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის.

„ჩვენი საქველმოქმედო კამპანია ძალიან კარგად იკრებს ძალებს“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმს“ ინიციატივის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ონდრაჩეკმა.

მისი თქმით, ორგანიზაცია SOS KYJEV-სთვის თანხების შეგროვების საქველმოქმედო კამპანიამ სტარტი 21 იანვარს, დაახლოებით საღამოს 7:00 საათზე აიღო.

პირველი ორი საათის განმავლობაში ანგარიშზე თითქმის 1 მილიონი ჩეხური კრონა ჩაირიცხა, ხოლო 24 საათის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი შეგროვდა. ბოლო მონაცემებით, შემოწირულება დაახლოებით 10,130-მა ადამიანმა გაიღო.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ, ამიტომ კამპანია ღია რჩება.

ონდრაჩეკმა განმარტა, რომ აქტივისტები აღჭურვილობას ჩეხეთში არ შეიძენენ. ისინი დაუკავშირდნენ კიევში თავიანთ პარტნიორებს, სერგეი პრიტულას სახელობის საქველმოქმედო ფონდს, რომელსაც გადაურიცხავენ ყოველდღიურ შემოწირულებებს.

მარტინ ონდრაჩეკის თქმით, ქველმოქმედების მთავარი მიზანია დაუყოვნებლივი, ოპერატიული დახმარების გაწევა გათბობისა და დენის გარეშე დარჩენილი სახლებისთვის, საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცირე ზომის პორტატიული გენერატორების, ასევე სარეზერვო აკუმულატორებისა და სინათლის წყაროების შეძენა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG