დაკავებულთაგან ორი 2005 წელსაა დაბადებული, ხოლო ერთი - 2000 წელს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დაგეგმილი თავდასხმის მოტივი რელიგიური სიძულვილი იყო და თავად ეჭვმიტანილები მოქმედებდნენ „ვილაიათ ხორასანის“ დაჯგუფებასთან ერთად, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურ ფრთას წარმოადგენს.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები დიპლომატიური მისიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. უწყების თანამშრომლებმა დაკავებისას, იარაღი და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.
მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სასამართლომ სამივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, დაცვის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
სპეცსამსახურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რომელი საელჩო იყო სავარაუდო თავდასხმის სამიზნე. ისრაელის მედიისა და რადიო თავისუფლების წყაროები აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ საუბარია ისრაელის საელჩოზე.
ტერორისტული თავდასხმის აღკვეთაზე ცნობილი გახდა ბაქოში 26 იანვარს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის ოფიციალური ვიზიტის დროს. ამასთან, უსაფროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკავების ზუსტი თარიღი არაა აღნიშნული. ისრაელის წყაროები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა შესაძლოა ნოემბერშიც დაგეგმილიყო. როდესაც ბაქოში ევროპელი რაბინების მასშტაბური კონფერენცია იგეგმებოდა. ღონისძიება ისრაელის სპეცსამსახურების რეკომენდაციის საფუძველზე გაუქმდა. კონფერენცია ისრაელში გადაიტანეს და 26 იანვარს გაიხსნა.
„ვილაიათ ხორასანის“ დაჯგუფება ავღანეთში 2014–2015 წლებში გაჩნდა და მას ხორასანის ისტორიული რეგიონის სახელი ჰქვია, რომელიც თანამედროვე ავღანეთის, ირანისა და თურქმენეთის ტერიტორიებს მოიცავს. მისი წევრები სალაფიზმს მისდევენ და დაარსების დღიდან სასტიკ დაპირისპირებაში არიან ავღანეთის მოძრაობა "თალიბანთან", რომელიც მრავალ ქვეყანაში ტერორისტულ მოძრაობადაა მიჩნეული.
2021 წელს ავღანეთში "თალიბანის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ვილაიეთ ხორასანი" ნახევრად იატაკქვეშა სტრუქტურად გარდაიქმნა და ავღანეთის გარეთ, ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში, გარე ოპერაციებსა და გადაბირებაზე იყო ორიენტირებული.
გაეროს ექსპერტების შეფასებით, დაჯგუფება 1000-დან 3000-მდე წევრს ითვლის. „ვილაიათ ხორასანი“ პასუხისმგებელია 2021 წელს ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ირანსა და პაკისტანში განხორციელებულ თავდასხმებზე, ასევე რეგიონის გარეთ განხორციელებულ და თავდასხმის მცდელობებზე ისრაელთან და რუსეთთან დაკავშირებული სამიზნეების წინააღმდეგ.
"ვილაიეთ ხორასანმა" განაცხადა, რომ მონაწილეობდა 2024 წლის 22 მარტს, მოსკოვის მახლობლად, "კროკუს სიტი ჰოლზე" თავდასხმაში, რომელსაც 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 600-ზე მეტი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება, შიშობს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებმა სუნიტური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები თავიანთ რიგებში არ მიიზიდონ.
ფორუმი