Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად

27 იანვარს, დრონებით დარტყმის შედეგად ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა სამგზავრო მატარებელს
27 იანვარს, დრონებით დარტყმის შედეგად ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა სამგზავრო მატარებელს

რუსეთის ჯარებმა რაკეტებითა და დრონებით უკრაინაზე შეტევა მიიტანეს გასულ ღამითაც. არის მსხვერპლი.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის მიერ სოციალური ქსელებით 28 იანვარს, გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობებით, ბელოგოროდის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. კალაშნიკის თანახმად, რუსული დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია მრავალბინიან სახლში, საიდანაც მობინადრეთა ევაკუაცია განხორციელდა.

სარაკეტო შეტევისა და ორი ადამიანის დაჭრის შესახებ იუწყება ქალაქ კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ოლექსანდრ ვილკული. მისი ინფორმაციით, დარტყმა იყო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. კონკრეტული ობიექტი ვილკულს არ დაუსახელებია.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ჯარებმა გამთენიისას დაარტყეს ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონს, სადაც დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.

გასული ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო ოდესის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, დაზიანებულია კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა, საწყობები და საპორტო ინფრასტრუქტურა. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი მონასტრის ტერიტორიაზე.

განახლება: უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების სამიზნე იყო პორტი „იუჟნი“, სადაც დაზიანებულია სამრეწველო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ეს პორტი ქალაქ ოდესიდან 30 კილომეტრშია.

ერთი დღით ადრე, 27 იანვარს რუსული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ოდესაში სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. დაზიანდა და ნაწილობრივ დაინგრა რამდენიმე სახლი და სხვა შენობები.

27 იანვარს საღამოს, დრონებით დარტყმის შედეგად ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა სამგზავრო მატარებელს. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ნაპოვნია ხუთი ცხედრის ფრაგმენტები. დაღუპულთა იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა დაინიშნა.

განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 28 იანვარს, დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“ და 146 უპილოტო საფრენი აპარატით. სარდლობის თანახმად, დილის ცხრა საათის მდგომარეობით დადასტურებულია 103 აპარატის ჩამოგდება და მოუგერიებელი რაკეტითა და 36 დრონით პირდაპირი დარტყმა 22 ადგილზე.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოიგერიეს 75 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 24 კრასნოდარის მხარეში და 23 - ყირიმში.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

უკრაინისგან განსხვავებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG