Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასურსათო მაღაზიების გაქურდვისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა, ორი არასრულწლოვანია

ფოტოკოლაჟი. შსს-ს ვიდეოდან
ფოტოკოლაჟი. შსს-ს ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დააკავეს "ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი", რომელიც "სქემაში" რთავდა არასრულწლოვანებს.

როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა ვაჟა სირაძემ, დაკავებულები თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და მოპარულ ნივთებს სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც ნაქურდალს იბარებდნენ, "შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით". დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია.

"არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პოლიციამ დაკავებული მოვაჭრეების სახლები და კუთვნილი მაღაზიები გაჩხრიკა. "ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები".

გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანახმად, გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

არასრულწლოვანთა მიერ სხვადასხვა მაღაზიის ქურდობის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება.

2024 წელს გამოქვეყნებული კვლევის - „კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა“ - ავტორები მიუთითებდნენ, რომ „ასეთი არასრულწლოვნების უკან კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები დგანან, რომლებიც არასრულწლოვნებს აძლევენ მითითებებს და სხვადასხვა კრიმინალურ პრაქტიკაში რთავენ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG