Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში სამმა კაცმა ოთხ პოლიციელს „სხვადასხვა სახის დაზიანება“ მიაყენა - შსს

ინციდენტი სამშაბათს მოხდა ლაგოდეხში. გარეკანის ფოტო: არქივიდან; პოლიციის ავტომობილები.
ინციდენტი სამშაბათს მოხდა ლაგოდეხში. გარეკანის ფოტო: არქივიდან; პოლიციის ავტომობილები.

ლაგოდეხში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი კაცი დააკავეს - შსს-ის ცნობით, ოთხ პოლიციელს „სხვადასხვა სახის დაზიანება“ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დაკავებულები არიან 25, 36 და 32 წლამდე პირები.

უწყება ხაზს უსვამს, რომ მათგან ორი წარსულში ნასამართლევია.

ინციდენტი სამშაბათს, 27 იანვარს მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პოლიციელებმა „პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს“ „გადამოწმების მიზნით“ შეაჩერეს სამი პირი.

ამ დროს მათ „პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა“, - წერს შსს.

სხვა დეტალებს - უშუალოდ რას მოჰყვა დაპირისპირება, ან რა იყო გადამოწმების საფუძველი, - შსს-ის პრესცენტრი არ ამბობს.

ამავე წყაროს თანახმად, „ძალადობრივი ქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, - რაც პოლიციის მიმართ ჯგუფურ წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

სამივე მათგანს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG