აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკვანძო ელემენტია რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე. რუბიოს თქმით, გარანტიებთან დაკავშირებით მიღწეულია „ზოგადი თანხმობა“ იმ იმის თაობაზე, რომ ისინი გულისხმობს „ევროპული ჯარების მცირე კონტინგენტის, ძირითადად ფრანგულის და ბრიტანულის, განლაგებას, ასევე აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას“.
თუმცა, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ აშშ-ის მონაწილეობაა უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია, რადგან აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში ევროპული ჯარების შესაძლო განლაგება „არ იქნებოდა მიზანშეწონილი“. მან მიანიშნავ, რომ ის დიდად არ აფასებს ევროპული ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებს, ვინაიდან „ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ისინი არასაკმარის ინვესტიციებს დებდნენ თავდაცვაში“.
სახელმწიფო მდივანმა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს აშშ-ის მხარდაჭერა. ადრე აღინიშნა, რომ აშშ-ის ჯარები უკრაინაში არ განლაგდებიან, მაგრამ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ლოგისტიკურ და სადაზვერვო მხარდაჭერას და პირობას დებს, რომ უპასუხებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჰიპოთეტურ დარღვევას.
რუბიომ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს ირანის, ვენესუელისა და გრენლანდიის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის თაობაზე. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი თეირანში რეჟიმს ბოლოდროინდელი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ „სერიოზულად დასუსტებულად“ მიიჩნევს. სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ იტოვებს უფლებას, დაარტყას ირანს, თუ მიიჩნევს, რომ თეირანი რეგიონში აშშ-ის ჯარებზე დარტყმებს ამზადებს.
რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიკოლას მადუროს დატყვევებისა და აშშ-ში წაყვანის შემდეგ ვაშინგტონმა ვენესუელის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი შეინარჩუნა და არ არის გამორიცხული ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნება. გრენლანდიასთან დაკავშირებით რუბიომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაიმართება გრენლანდიისა და დანიის წარმომადგენლებთან და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებები მიიღწევა.
ფორუმი