Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო მზადაა პეკინის დაარსებულ ახალ ჯგუფს შეუერთდეს - ჯეიჰუნ ბაირამოვი პეკინში

ჯეიჰუნ ბაირამოვმა ვანგ ისთან გამართა შეხვედრა
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ვანგ ისთან გამართა შეხვედრა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა და ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდა.

28 იანვარს გამართული შეხვედრისას ბაირამოვის მასპინძელმა, მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, აზერბაიჯანთან ითანამშრომლოს პოლიტიკური ურთიერთნდობის განმტკიცებისა და „ტრადიციული მეგობრობის გაგრძელების“ მიზნით.

ასევე, „ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავების, საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერებისა და ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ახალი მიღწევების ერთობლივი ხელშეწყობის მიზნით“.

„სამართლიანი გლობალური მმართველობისთვის“

ვანგ იმ, - რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს წევრია, - ეს განცხადება პეკინში ბაირამოვის მასპინძლობისას გააკეთა, - იუწყება ჩინეთის სამთავრობო CGTN-ი.

აღნიშნა რა, რომ ორმა ქვეყანამ გასულ წელს „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ დაამყარეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ განვითარებამ „ორმხრივი ურთიერთობები მაღალ ხარისხში, ყოვლისმომცველი განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა“.

როგორც გლობალური სამხრეთის ქვეყნებმა, ჩინეთმა და აზერბაიჯანმა ერთად უნდა აწარმოონ ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი... უფრო სამართლიანი და ეფექტური გლობალური მმართველობის სისტემის მშენებლობის ხელშესაწყობად“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, საჭიროა ორ ქვეყანას შორის განვითარების სტრატეგიების თანხვედრის გაძლიერება და საერთო ინტერესების მეტი სფეროს გამოკვეთა.

ბაქო მზადაა, პეკინის ახალ ჯგუფს შეუერთდეს

ჯეიჰუნ ბაირამოვმა, თავის მხრივ, განაცხადა რომ აზერბაიჯანისა და ჩინეთის ურთიერთობები „ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობასა და ურთიერთმხარდაჭერაზეა დაფუძნებული“ და „გასულ წელს ორმხრივი კავშირების გაუმჯობესებამ ძლიერი იმპულსი შესძინა ორ მხარეს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას“.

მან ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მტკიცედ სწამს, რომ ჩინეთის განვითარება მსოფლიოსთვის შესაძლებლობებს ქმნის და რომ ის მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ოთხ გლობალურ ინიციატივას და მზადაა, შეუერთდეს „გლობალური მმართველობის მეგობრების ჯგუფს“.

  • ამ ჯგუფის დაარსების შესახებ საერთო განცხადება 2025 წლის 9 დეკემბერს გაავრცელეს 43 ქვეყნის წარმომადგენლებმა.
  • ჯგუფი აერთიანებს ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ასევე აფრიკის 21 ქვეყანას. ევროპიდან მასში მხოლოდ ბელარუსია გაწევრიანებული.
  • ხელმომწერი ქვეყნები მხარს უჭერენ პრეზიდენტ სი ძინპინის „გლობალური მმართველობის ინიციატივას“.

ბაირამოვმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ აზერბაიჯანმა ითანამშრომლოს ჩინეთთან ვაჭრობისა და ინვესტიციების, კავშირგაბმულობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ბაქო ასევე მზადაა პეკინთან გააღრმაოს კოორდინაცია და თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“.

მხარეებმა ასევე „სიღრმისეულად გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის მქონე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე“.

ოფიციალურ ცნობებში არაფერია ნათქვამი იმაზე, განიხილეს თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პარალელურად აშშ-ის მედიაციით დაგეგმილ პროექტზე, „ტრამპის მარშრუტზე“ (TRIPP-ზე).

ფორუმი

XS
SM
MD
LG