Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველს უთხრა, რომ მასთან ირანთან დაკავშირებული დაძაბულობის განხილვა სურს

ვლადიმირ პუტინისა და მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის შეხვედრა 2023 წლის 6 დეკემბერს (არქივი)
ვლადიმირ პუტინისა და მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის შეხვედრა 2023 წლის 6 დეკემბერს (არქივი)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს, განუცხადა, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ ვითარებას და სურს, რომ ეს საკითხი მასთან კრემლში მოლაპარაკებების დროს განიხილოს.

Reuters-ის თანახმად, პუტინმა ეს კომენტარი გააკეთა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დაწყებისას - ცოტა ხნის წინ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების გარშემო მოლაპარაკება სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პოტენციალი ჯერ არ არის ამოწურული და რომ თეირანის წინააღმდეგ ძალის ნებისმიერმა გამოყენებამ შეიძლება რეგიონში „ქაოსი“ გამოიწვიოს და სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანოსო.

პესკოვმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და “ბირთვული იარაღის” შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მას დაარტყამს.

ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს დაიდო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს აშშ-მა ცალმხრივად დატოვა, რის გამოც ირანს აღუდგა სანქციები და მან ეტაპობრივად განაახლა ბირთვული პროგრამა. ირანი ირწმუნება, რომ პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება და არ მოიცავს სამხედრო ნაწილს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG