Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა „ლუკოილმა“ მოლდოვის სახელმწიფოს დაუბრუნა კიშინიოვის აეროპორტში მდებარე ობიექტი

„ლუკოილმა“ უცხოური აქტივები დათმო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შედეგად
„ლუკოილმა“ უცხოური აქტივები დათმო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შედეგად

რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“, რომელიც ამერიკული სანქციების გამო იძულებული გახდა უცხოური აქტივები დაეთმო, მოლდოვას სახელმწიფო საკუთრებაში დაუბრუნა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის ბენზინგასამართი ობიექტი.

მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვენტარიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ „ლუკოილ მოლდოვასთან” შესაბამისი დოკუმენტი 29 იანვარს გაფორმდა.

მოლდოვის სპეციალურმა საბჭომ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების საკითხებს განიხილავს, კიშინიოვის აეროპორტიდან „ლუკოილის“ გასვლისა და 2005 წელს განხორციელებულ პრივატიზაციამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, „ლუკოილს“ აეკრძალა საქმიანობა სფეროებში, რომლებიც მოლდოვის სტრატეგიულ ინტერესებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება.

რუსულ ნავთობკომპანიას კიშინიოვის აეროპორტში მდებარე ობიექტი მოლდოვის სახელმწიფოსთვის უნდა დაებრუნებინა 2026 წლის 9 იანვრამდე, თუმცა ეს ვადა დაარღვია, რის გამოც მოლდოვის მთავრობამ 5 მილიონი ლეით (დაახლოებით 117 ათასი აშშ დოლარი) დააჯარიმა.

2025 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელების გამო სანქციები დაუწესა ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“.

„ლუკოილი“ იძულებული გახდა უცხოური აქტივები გაეყიდა. 2026 წლის 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, ამ აქტივებს შეიძენს ამერიკული საინვესტიციო კომპანია Carlyle.

„ლუკოილი“ ევროპაში ფლობს სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ყაზახეთის, უზბეკეთის, ერაყის, მექსიკის, განის, ეგვიპტის და ნიგერიის ნავთობის საბადოების წილებს და ბენზინგასამართ სადგურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ინფორმაციით, „ლუკოილი“ მოლდოვაში ფლობს 110-მდე ბენზინგასამართ სადგურს, რაც 2025 წლის ოქტომბერში, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების მომენტისთვის, ამ ბაზრის დაახლოებით 25%-ს შეადგენდა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG