გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაგრძობს მხოლოდ ქვედა საქსონიაში, სადაც ადგილობრივი პროფკავშირი და 5000-მდე თანამშრომელი იცავს აღებულ ვალდებულებას არ გაიფიცონ, სანამ ე.წ. სატარიფო შეთანხმება მოქმედებს.
როგორც სააგენტო dpa წერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა მათ, ვისაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლია. მაგალითად, საწარმოების თანამშრომლებს. ასევე, სკოლის მოსწავლეთა მშობლებს.
გაფიცვა არ შეხებია რეგიონულ მატარებლებს და სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ის ტრამვაის.
გერმანიის საზოგადოებრივი მომსახურების სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირი Ver.di ქვეყნის ყველა რეგიონში კომუნალური სატრანსპორტო კომპანიებისგან მოითხოვს თანამშრომლებისთვის შრომის პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის უქმე დღეებში მუშაობის დროის შემცირებას, უფრო მოკლე ცვლებს და ღამით და უქმე დღეებში მუშაობისთვის გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურების გაზრდას. გარდა ამისა, პროფკავშირი ხელფასის გაზრდას მოითხოვს რამდენიმე ფედერალური მიწის, მათ შორის ბავარიის, საარის და ბრანდენბურგის სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლებისთვის.
Ver.di-მ გაფიცვისკენ მოწოდება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დამსაქმებლებთან მოლაპარაკება გასულ კვირაში ჩიხში შევიდა.
ფორუმი