Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა ევროკავშირის სასამართლოს მიმართა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვის გამო

უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების მინისტრი პეტერ სიიარტო. ბუდაპეშტი, 23 იანვარი, 2026.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების მინისტრი პეტერ სიიარტო. ბუდაპეშტი, 23 იანვარი, 2026.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს, რომელსაც ლუქსემბურგში უდევს ბინა, მიმართა სარჩელით, რათა გაუქმდეს ევროკავშირის რეგლამენტი REPowerEU, რომელიც რუსეთის ენერგორესურსების იმპორტს კრძალავს.

ამის შესახებ სიიარტომ სოცქსელ X-ში დაწერა 2 თებერვალს. მისი სიტყვებით, სარჩელი ემყარება სამ საკვანძო არგუმენტს. „ჯერ ერთი, ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ ერთხმად მიღებული სანქციების მეშვეობით,“ განაცხადა სიიარტომ.

„მეორე - ევროკავშირის ხელშეკრულებებში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ყოველი წევრი სახელმწიფო თავად იღებს გადაწყვეტილებას ენერგიის წყაროსა და მიმწოდებლის შესახებ,“ დასძინა მან.

„მესამე - ენერგეტიკული სოლიდარობის პრინციპი მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფას,“ აღნიშნავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი აზრით, ბუდაპეშტის მიმართ ეს პრინციპი დაირღვა. ხელმისაწვდომია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ისეთი ალტერნატივები, რომლებიც უფრო ძვირი და ნაკლებად სანდოა, რაც არ იძლევა უნგრეთის ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების დაბალი ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას.


სიიარტოს თქმით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 1,5-2 წელს გასტანს. ამასთან, მან იმედი გამოხატა, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ გაიმარჯვებს 12 აპრილისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, რათა სასამართლო პროცესი ბოლომდე მიიყვანოს.

27 იანვარს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ბრატისლავა ბუდაპეშტთან მოახდენს თავისი მოქმედებების კოორდინაციას.

ადრე ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2027 წლის 1 ნოემბრისთვის ევროკავშირი მთლიანად იტყვის უარს რუსეთის გაზის იმპორტზე. გაზის იმპორტის აკრძალვა 26 იანვარს დამტკიცდა კვალიფიციური უმრავლესობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG