Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები

კანონპროექტს "ქართული ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
კანონპროექტს "ქართული ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წერით, პირველი მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებათა პაკეტი პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად:

  • სკოლებში სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა 12 კლასის ნაცვლად გახდება 11-წლიანი. სასწავლო ციკლი კი ასე გადანაწილდება - დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები, ასევე ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).
  • სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
  • უქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.
  • სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს.
  • ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.
  • მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო მასწავლებელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.


ზვიად გაბისონიამ 3 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატების კითხვების მიხედვით რამდენიმე განმარტებაც გააკეთა.

„უფასო“ ფორმები

მათ შორის, მაგალითად, ფორმების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით:

„ცვლილებების მიხედვით, წარმოდგენილია კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების შექმნა სამინისტროს სისტემაში, რათა დავაზღვიოთ ღირებულების მკვეთრი მატების ნაწილი. მაქსიმალურად იქნება ფორმების ღირებულება დაფიქსირებული და ამ ნაწილში არ ველოდებით ფასების მკვეთრ ზრდას.

სოციალურად დაუცველი პირებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ამის შეძენა, თუმცა ამ ეტაპისთვის, ძალიან გამიჭირდება, კონკრეტულად გითხრათ ჩამონათვალი ქულების მიხედვით და ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მეტი ჯგუფი მოვიცვათ“.

რა განსხვავება იქნება 11 და 12 კლასის ატესტატებს შორის?

დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ ატესტატებს შორის შესაძლო განსხვავებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოსწავლეთა ერთი ნაწილი 11 და მეორე ნაწილი 12 კლასის დასრულების შემთხვევაში მიიღებს:

„მინდა განმარტება გავაკეთოთ, რომ მთავარი სასწავლო კომპონენტი პირველიდან 10 კლასის ჩათვლით იქნება დასრულებული, ხოლო მეთერთმეტე კლასი მთლიანად დაეხმარება მომავალ სტუდენტებს „რეპეტიტორიუმის“ ნაწილში. მეთორმეტე კლასი, მოგეხსენებათ, დავტოვეთ ნებაყოფლობითობის სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში, მათ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდათ ევროკავშირის ან ისეთ ქვეყნებში, სადაც აუცილებელია 12-კლასიანი ატესტატის ქონა, მათთვის გავრცელდება ეს ნაწილი.

რა თქმა უნდა, განსხვავება არ და ვერ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასწავლო კომპონენტები უნდა დასრულდეს 10-წლიან შუალედში. ატესტატი გაიცემა 11 კლასის დასრულებისთანავე, ანუ ეს არის დამასრულებელი კლასი. ხოლო მეთორმეტე კლასი ასახული იქნება დანართში“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ტელეფონების შეზღუდვა - რისი უფლება ექნებათ მასწავლებლებს?

რაც შეეხება, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების პირობებს, 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ითქვა, რომ შესაძლოა, ეს ცვლილება შეეხოს კერძო სკოლებსაც:

„მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დროს, სამინისტრო ერიდება კერძო სკოლებთან და უნივერსიტეტებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების დაწესებას და ჩვენი წარმოდგენილი რედაქცია გულისხმობდა მხოლოდ სახელმწიფო სკოლებში შესაბამისი ელექტრონული საშუალებების შეზღუდვას, გავითვალისწინებთ შენიშვნას [დეპუტატ რიმა ბერაძის ინიციატივა], გიდასტურებთ, მეც იგივე აზრი მაქვს, რომ თუ ვავრცელებთ, უნდა გავრცელდეს ყველგან“, - თქვა "ქართული ოცნების" განათლების მინისტრის მოადგილემ.

ხოლო კითხვას, საგაკვეთილო პროცესში, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვას მასწავლებლებისთვისაც, ზვიად გაბისონია პასუხობს:

„აქ საუბარი არ არის მასწავლებლების შეზღუდვაზე. ლაპარაკია მოსწავლეებზე. მასწავლებლებისთვის რეკომენდაციის დონეზე იქნება, რომ უბრალოდ არ ისარგებლონ გასაგები მიზეზების გამო [ტელეფონებით] თუ მას არ სჭირდება სასწავლო მიზნებისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე გაკვეთილები, განსაკუთრებით უცხო ენების, როცა ტექნოლოგიებს იყენებენ, აქ დაშვებული იქნება თავისთავად. აქ არ არის იმპერატიული აკრძალვა ან შეზღუდვა მასწავლებლებისთვის. მათ თავისუფლად შეეძლებათ, საჭიროების შემთხვევაში, გაკვეთილში ჩართონ როგორც მობილური ტელეფონები, ისე პლანშეტები და სხვა ელექტრონული საშუალებები“.

„ძალიან ზედმეტი თავისუფლება აქვთ...“ - სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროსგან

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატების კითხვები შეეხებოდა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხსაც. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, უქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი და განათლების სამინისტროს განცხადებით, ეს უწყება შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემას.

ზვიად გამისონიამ პლენარულ სხდომაზე თქვა:

„ძალიან მოკლედ გეტყვით. ამით დღეს არსებული ქაოსის დასრულებას ვფიქრობთ ლიტერატურასთან დაკავშირებით. ყველანი, ძირითადად მშობლები ხართ და გადასარევად იცით, რა საკითხს ვეხები. თითოეულს აქვს გარკვეული ტიპის, ძალიან ზედმეტი თავისუფლება იმ გაგებით, რომ... აქ არ იგულისხმება რაიმე ტიპის შეზღუდვა, არამედ საუბარია იმაზე, რომ ხშირად ლიტერატურა არის გაუგებარი, არის სხვადასხვაგვარი და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ სისტემატიზაციას, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით გარკვეული პოლიტიკა აწარმოოს.

რაც შეეხება ავტორთა კვალიფიციურობას, მოვერიდები კონკრეტული მაგალითების დასახელებას, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ თუ ქვეყანაში ამ მიმართულებით კონკრეტული ექსპერტები, პროფესორები, მასწავლებლები, სახელმძღვანელოს გამოცემის გამოცდილების მქონე ავტორები არსებობენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იყოს ჩართული“.

ზოგადი განათლების რეფორმის ინიციატივით „ქართული ოცნების“ მთავრობა, განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე გასული წლის ბოლოს გამოვიდა.

ზოგადი განათლების რეფორმის დაანონსებამდე, მმართველმა გუნდმა წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმა.

საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.

დაანონსებული განათლების რეფორმა აკადემიურმა წრეებმა და განათლების მკვლევრებმა გააკრიტიკეს, მათ დაგეგმილ ცვლილებებში არაერთი საფრთხე და ნაკლოვანება დაინახეს. ისინი თვლიან, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, რეფორმა და ცვლილებები, შესაძლოა, იქცეს საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ჩამოშორების წინაპირობად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG