Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატის დირექტორი უვადოდ - პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი „სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას

ცვლილებათა პაკეტი სადავო პარლამენტში ლევან მაჭავარიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ წარადგინა.
ცვლილებათა პაკეტი სადავო პარლამენტში ლევან მაჭავარიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ წარადგინა.

სადავო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას.

ცვლილებათა პაკეტი 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, წარადგინა.

ცვლილებები შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის დანიშვნის რეგულაციას.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება მხოლოდ ერთ მუხლს, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესს შეეხება.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მოქმედი კანონიდან ამოღებულ იქნება მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით.

ლევან მაჭავარიანმა სხდომათა დარბაზში შეკრებილ პარლამენტარებს უთხრა, რომ დღეს მოქმედ კანონში არსებული ეს ჩანაწერი ზღუდავს უწყებაში „გამოცდილი და ამავე დროს, ეფექტიანი ხელმძღვანელის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას“.

ცვლილებების მიხედვით კი, შესაძლებელი გახდება, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნოს:

„კანონპროექტი ემსახურება საქსტატის ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის უწყვეტობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა კანონპროექტის წარდგენისას.

„სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებენ სპეციალისტები და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები.

ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, შალვა კერესელიძის კითხვას, ხომ არ ემსახურება ეს ცვლილება "არა ინსტიტუციურ გაძლიერებას, არამედ პოლიტიკურ მარყუჟებში მოქცევას, რათა ეს პოზიცია გახდეს მართვადი", ლევან მაჭავარიანმა უპასუხა:

"ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის თანამდებობა. საქსტატი არის ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს და სხვათა შორის, ის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც შემდეგ უკვე მონიტორინგს უწევენ, ერთი შენიშვნაც არ მოგვისმენია მათგან საქსტატთან დაკავშირებით.

ვინაიდან ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის თანამდებობა, აქედან გამომდინარე, ის შეზღუდვა ვადებთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ახასიათებს, უნდა გავმიჯნოთ, რადგან ის [საქსტატის ხელმძღვანელი] არც ძალაუფლებას ფლობს ისეთს, როგორც, მსუბუქად რომ ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და არც პოლიტიკური შინაარსის თანამდებობა არ არის, რაც მთავარია, სწორად უნდა ასახონ მონაცემები".

ყოფილი ოპოზიციონერი პარლამენტარი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005-07 წლებში, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა დაგეგმილ ცვლილებას და დაწერა:

„საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა. იგი აყალბებს მონაცემებს, ზრდის მშპ-ს და ამცირებს ინფლაციის მაჩვენებლებს, მანიპულაციებს ეწევა სხვა მიმართულებითაც. ასეთი ახალი კადრის გამოზრდას დრო სჭირდება, თანაც სადაა გარანტია, რომ არ გიმტყუვნებს. აგერ ეს კაცი კი 8 წელიწადია მონურად ემსახურება პარტიას. დაიმსახურა პერსონალური კანონის მიღება“.

კანონი ყაველაშვილის მიერ ხელმოწერის შემდეგ, "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG