Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებისთვის „წლის ნებისმიერი დრო გაზაფხულია“ - პუტინი

ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის მეთაური სი ძინპინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ტიანძინში. 2025 წლის 31 აგვისტო
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის მეთაური სი ძინპინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ტიანძინში. 2025 წლის 31 აგვისტო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „სამაგალითოს“ უწოდებს ჩინეთთან ურთიერთობას. დღეს, 4 თებერვალს პუტინმა და ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა ვიდეოკონფერენცია გამართეს. მისი საჯარო ნაწილის 11-წუთიანი ვიდეოჩანაწერი კრემლის საიტზე გამოქვეყნდა.

ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ერთმანეთს „მეგობრები“ უწოდეს და „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

  • ჩინეთის ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ პატივს სცემს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არასდროს დაუგმია უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრა.
  • პეკინი, რომლის თანახმად, ომის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, არ შეერთებია რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციებს.
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ჩინეთთან პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური კავშირები გააღრმავა.

4 თებერვალს სი ძინპინთან ვიდეოკონფერენციის დროს პუტინმა განცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის „ყოვლისმომცველ პარტნიორობას და სტრატეგიულ ურთიერთქმედებას სამაგალითო ხსიათი აქვს“ და „მტკიცედ უჭერენ მხარს ყველა ერთობლივ ძალისხმევას ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

პუტინის თანახმად, რუსეთი ჩინეთისთვის ენერგორესურსების მიწოდების მხრივ ლიდერებს შორისაა და ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობას „ურთიერთმომგებიანი და სტრატეგიული ხასიათი აქვს“.

  • აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ჩინეთისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს რუსული ენერგორესურსების შეძენა და ამ გზით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელების დაფინანსება.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებითვე, „მსოფლიოში მზარდი ტურბულენტობის პირობებში“ რუსეთ-ჩინეთის საგარეოპოლიტიკური ერთობა „სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

პუტინმა სის უთხრა, რომ მათი დღევანდელი საუბარი დაემთხვა ჩინური კალენდრით გაზაფხულის დადგომას, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებისთვის კი „წლის ნებისმიერი დრო გაზაფხულია“.

კრემლის მიერ გავრცელებული თარგმანის მიხედვით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში განვითარების ახალი ეტაპი იწყება და ჩინეთი მზად არის განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუზიაროს როგორც რუსეთს, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებს.

ჩინეთის მეთაურმა პუტინს უთხრა რომ მნიშვნელოვანია „ისტორიული შესაძლებლობა“ გამოიყენონ, „სტრატეგიული ურთიერთქმედება მუდმივად გააღრმავონ“ და „ერთად ატარონ დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სწორი ტრაექტორიით უწყვეტი განვითარებისთვის".




ფორუმი

XS
SM
MD
LG