დაზარალებულების განმარტებით, ეკომიგრანტის სტატუსი ოჯახს მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ ბუნებრივი სტიქიის ზონაში ცხოვრობს. მაგრამ თუ ცვლილებები გამოწვეულია ადამიანის ჩარევით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები ეკომიგრანტები კი არა, დაზარალებულები არიან და მათ ისეთი კომპენსაცია ეკუთვნით, როგორ ქონებასაც ფლობდნენ ამ კატასტროფამდე.
დაზარალებული ოჯახების მოთხოვნა, შეხვედროდნენ ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროში შეკრებიდან რამდენიმე წუთში დაკმაყოფილდა, თუმცა დაზარალებულებმა შეხვედრა უკმაყოფილოებმა დატოვეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული 112 ოჯახისთვის კომპენსაციები გამოიყო. 30 000 ლარი გადაეცემა მათ, ვისაც საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 50 000 ლარი გადაეცემა დაზარალებულ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული ფართი არ გააჩნია. კომპენსაციის ეს ოდენობა, მთავრობის 2013 წლის განკარგულებითაა დადგენილი და მას შემდეგ არ შეცვლილა.
მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრიდან გამოსულები განმარტავენ, რომ ეს თანხები კანონითაა გაწერილი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეკომიგრანტის სტატუსი აქვთ და მინისტრიც სწორედ კანონის ამ ჩანაწერს იშველიებდა.
„ეს თანხა, მოქალაქეები ვთვლით, რომ მიახლოებულიც კი არ არის იმ თანხასთან, რომლითაც შეიძლება სახლი იყიდო ან ცხოვრება დაიწყო და მინისტრს, როგორც ჩანს, არ აქვს მეტის საშუალება, არც გაკეთების და არც კანონმდებლობის [შეცვლის]. როცა სჭირდებათ თავად, კანონს ცვლიან და როცა არ სჭირდებათ, არ ცვლიან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასწორად გვექცევიან, რადგან ვერცერთი ჩვენგანი 30 000 ლარით ცხოვრებას ვერ დაიწყებს.
ჩემი სახლი ბოლომდე ჩაიტანა, სახურავია მხოლოდ დარჩენილი, - ამბობს ნინო კალანდაძე და ამატებს, რომ "ეს თანხა დეპუტატის ორი თვის ხელფასის ჯამი ყოფილა“.
ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ მეწყრული პროცესები გამოიწვია იმ აფეთქებებმა, რომლებიც მათ ესმოდათ 2019 წლიდან მოყოლებული - თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს.
ამის შესახებ ეჭვს ადგილობრივები რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც გამოთქვამდნენ, თუმცა მათი უმრავლესობა მაინც ერიდებოდა ღიად წინასწარი დასკვნების გაკეთებას.
ღვერკისა და ხემაღლის მცხოვრებლებს ეკომიგრანტის სტატუსი გეოლოგიური კვლევის საფუძველზე მიანიჭეს. მასში ნათქვამია, რომ „ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“ მეწყერი ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია და ეს პროცესი შეუქცევადია.
„ამ კვლევაში ცალსახად არ წერია, რომ ბუნებრივი მიზეზებით მოხდა მეწყერი, აქვე წერია, რომ რკინიგზის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. უბრალოდ, ამ კვლევაში არ იყო გათვალისწინებული ცალკე რკინიგზის გავლენების კვლევა. რკინიგზის ნაწილს დამატებითი კვლევა სჭირდება და დავაყენეთ საკითხი მინისტრთან, დადგინდეს სიმართლე, რომელიც მთელმა სოფელმა ვიცით - აფეთქებები, რომლის გავლენასაც, ხმას დეტონაციას, ვიბრაციას მაცხოვრებლები გრძნობდნენ. ვითხოვთ დოკუმენტებს, რომლითაც გავიგებთ, რამდენად შეიძლებოდა რკინიგზის სამუშაოებს ამაზე გავლენა მოეხდინა არცერთი დოკუმენტი ჯერ არ გადმოგვცეს“, - ამბობს სოფელ ღვერკის მცხოვრები მარადი გელაშვილი.
გეოლოგებმა დასკვნაში გამორიცხეს სარკინიგზო ჭრილის მოწყობით გამოწვეული რელიეფის ცვლილების უარყოფითი როლი ხარაგაულში გააქტიურებულ მეწყერთან კავშირში.
„კიდევ ერთი ხელოვნური ფაქტორი, რომელიც ამავე ფერდობების ძირის ჩამოჭრას უკავშირდება, შესაძლოა, იყოს გრუნტების ექსკავაციის (ამოთხრის) მეთოდი. იმ შემთხვევაში, თუ ექსკავაცია განხორციელებულია სანგრევი ჩაქუჩების გამოყენებით ან აფეთქების მეთოდით - ძლიერი მუხტების გამოყენებით, თეორიულად დასაშვებია, რომ მექანიკური ზემოქმედებით წარმოქმნილ ბიძგებსა და ვიბრაციებს უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა ფერდობის საერთო მდგრადობაზე“, - წერია დასკვნაში.
თუმცა იქვე გეოლოგები უთითებენ, რომ მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა პერიოდში და რა მეთოდებით მოიჭრა მიწა:
„მეწყრის წარმოქმნასთან მათ დაკავშირებას უტყუარად ვერ შევძლებთ. ისინი თეორიული დაშვების დონეზე უნდა იყოს განხილული შესაძლო ხელოვნურ ფაქტორებად და არა მეწყრული მოვლენის გამომწვევ ძირითად მიზეზად“.
თუმცა დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხემაღლის და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე, მეწყრული მოვლენის წარმოქმნა „უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულ ფერდობზე მისი ამგები გრუნტების წონასწორობის დარღვევას“:
„ფერდობი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ზღვრულ გაწონასწორებულ (მყიფე წონასწორობის) მდგომარეობაში და მიდრეკილი იყო მეწყრული მოვლენის განვითარებისკენ“.
თუმცა როგორც გეოლოგები წერენ, საბოლოოდ მეწყრული მოვლენის წარმოქმნა ძირითადად „ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა“.
მარადი გელაშვილის თქმით, თუ მაცხოვრებლები ხელს მოაწერენ ეკომიგრანტის კომპენსაციებს, წაერთმევათ უფლება, იდავონ კერძო კომპანიასთან ან მოითხოვონ რაიმე დამატებით. ამასთან, სოფლებში შესვლაც აკრძალულია, "წითელ ზონადაა" მონიშნული.
„სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ჩვენ, მოსახლეობა, არ ვაღიარებთ, რომ ვართ ეკომიგრანტები... ველით სიმართლის გამოვლენას, რომ თოვლმა კი არ დაანგრია, სამუშაოებმა მოახდინა გავლენა და უკვე სრულად იცვლება ვითარება“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, მოსახლეობამ პირობა მიიღო, რომ მინისტრი მათ საკითხს განიხილავს. სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს დეტალების გასარკვევად. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ფორუმი